09.06.2026 09:42
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „კავკასიაში ჩინეთის კონტროლის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი" მიიღო.
კანონპროექტი გამოხატავს ვაშინგტონში მზარდ შეშფოთებას იმის შესახებ, რომ პარტია „ქართული ოცნება" სულ უფრო მეტად ექცევა აშშ-ის მთავარი გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგეების გავლენის ორბიტაში. კანონპროექტი აშშ-ის ადმინისტრაციას ავალდებულებს, მოამზადოს გასაიდუმლოებული შეფასება საქართველოში რუსული და ჩინური სადაზვერვო სტრუქტურების შეღწევის მასშტაბების შესახებ, მათ შორის, იმის თაობაზე თუ რამდენად იკვეთება მათი საქმიანობა ერთმანეთთან.
წარმომადგენელთა პალატა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, დაზვერვისა და თავდაცვის მაღალჩინოსნებთან ერთად, ავალებს, რომ აქტის მიღებიდან არაუგვიანეს 180 დღეში წარადგინონ გასაიდუმლოებული ანგარიში. ასევე, გასაიდუმლოებული ანგარიშის მომზადების გარდა, კანონპროექტი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოსთან ურთიერთობების შესახებ აშშ-ს 5-წლიანი სტრატეგიის შემუშავებას ავალებს და განსაზღვრავს, უნდა გააგრძელოს თუ არა აშშ-მა საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობაში ინვესტიციების ჩადება.
კანონპროექტის მიღებამდე წარმომადგენელთა პალატაში სიტყვით გამოვიდა რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი.
„არალეგიტიმური „ქართული ოცნების" რეჟიმი ამჟამად ქვეყნის ჩინეთის კომუნისტური პარტიისთვის და ომის დამნაშავე პუტინისთვის და ირანისთვის მიყიდვის პროცესშია, რაც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას და ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს. არჩევნები საქართველოში გაყალბებული იყო. ამასთან ერთად, ისინი ავრცელებდნენ ყველაზე ბინძურ ანტიამერიკულ პროპაგანდას და მუდმივად შეურაცხყოფენ პრეზიდენტ ტრამპს, მას „დიფ სთეითის" აგენტად მოიხსენიებენ. სინამდვილეში, ჩვენ ასევე ვიცით, რომ ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იყო საპატიო სტუმარი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე... ამ რეჟიმის ქცევა საფრთხეს უქმნის ყველაფერს, რასაც პრეზიდენტმა ტრამპმა სამხრეთ კავკასიაში მიაღწია და ეს უნდა შეიცვალოს", - აღნიშნა უილსონმა.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატამ მიიღო, ის გადაეცა სენატს განსახილველად და დასამტკიცებლად.
ავტორ(ებ)ი :