თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი - თურქეთ-საქართველოს პარტნიორობა დაფუძნებულია მყარ მეგობრობაზე 09.06.2026 22:05

 

თურქეთსა და საქართველოს შორის არსებობს უნიკალური პარტნიორობა, რომელიც დაფუძნებულია მყარ მეგობრობაზე, ურთიერთნდობაზე, კეთილმეზობლობასა და რეგიონული მშვიდობისადმი საერთო ხედვაზე. წლების განმავლობაში ორმხრივი ურთიერთობები თანდათან განვითარდა და ჩვენს რეგიონში კონსტრუქციული თანამშრომლობის ნამდვილ მოდელად იქცა, - ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ალფარსლან ბაირაქტარმა 26 მაისთან დაკავშირებით თურქეთში საქართველოს საელჩოში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისივე თქმით, თურქეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა მოიცავს ფართო სპექტრს, დაწყებული ვაჭრობიდან და ეკონომიკიდან, ენერგეტიკით, ჯანდაცვით, ტურიზმით და კულტურული ურთიერთობებით დამთავრებული.

„ჩვენი პარტნიორობის მრავალმხრივი ხასიათი ყოველდღე და ყოველწლიურად უფრო და უფრო მყარდება, ახალი სფეროებითა და სექტორებით. მაღალი დონის კონტაქტები და ორმხრივი ვიზიტები ჩვენი ურთიერთობების განსაკუთრებული დონის მკაფიო მაჩვენებელია. ამ კონტექსტში, გასულ წელს ჩვენს ქვეყნებს შორის ასზე მეტი მაღალი დონის ვიზიტი განხორციელდა და ეს პოზიტიური დინამიკა 2026 წელსაც გრძელდება. სიამოვნებით მივიღეთ მისი აღმატებულება პრეზიდენტი ყაველაშვილი ანკარაში გასული წლის აგვისტოში, ასევე, მივესალმეთ მისი აღმატებულება პრემიერ-მინისტრ კობახიძისა და თქვენს, ქალბატონო მინისტრო, მონაწილეობას ანატოლიის მეხუთე დიპლომატიის ფორუმზე აპრილში. ეს ყველაფერი ასახავს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მჭიდრო და მუდმივ დიალოგს. გუშინ კი, როგორც თქვენც აღნიშნეთ, სტამბოლში გაიმართა თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების მეათე სამმხრივი შეხვედრა. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ ვიზიტებსა და შეხვედრებს, როგორც ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანის მნიშვნელოვან საშუალებას. ჩვენი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობებიც უაღრესად პოზიტიურ გზას მიჰყვება", - განაცხადა თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ალფარსლან ბაირაქტარმა.

ალფარსლან ბაირაქტარის განმარტებით, 2008 წლიდან თურქეთი მუდმივად ინარჩუნებს საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის პოზიციას, ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის სამ მილიარდ დოლარამდე გაზრდის საწყისი მიზანი უკვე მიღწეულია.

„მტკიცედ გვჯერა, რომ მალე მივაღწევთ ახალ მიზანსაც - ხუთ მილიარდ დოლარს. ეს ამბიციური მიზანი 2024 წელს დასახეს მისმა აღმატებულებამ, პრეზიდენტმა ერდოღანმა და მისმა აღმატებულებამ, პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ. როგორც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის სტრატეგიული ხიდის როლის მქონე ორი ქვეყანა, ჩვენი თანამშრომლობა სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ თურქეთსა და საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის განვითარებასა და კეთილდღეობას. ჩვენმა ერებმა არაერთხელ გამოავლინეს ერთობლივი მუშაობის ძალა გარდამტეხი ენერგეტიკული პროექტების მეშვეობით, რომლებიც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს რეგიონულ სტაბილურობას, ეკონომიკურ განვითარებასა და ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. დღეს გლობალური ენერგეტიკის სფერო უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე ოდესმე, სწრაფი ტექნოლოგიური პროგრესის, ეკონომიკური ცვლილებებისა და გეოპოლიტიკური დინამიკის გავლენით. ასეთ რთულ გარემოში ჩვენი თანამშრომლობა უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე ოდესმე. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი, სამხრეთის გაზის დერეფნის ჩათვლით, ჩვენი საერთო ხედვისა და წარმატებული, გრძელვადიანი პარტნიორობის უმნიშვნელოვანეს სიმბოლოებად რჩება. თუმცა ჩვენი თანამშრომლობა მხოლოდ წარსულ მიღწევებს არ ეფუძნება. ჩვენ მუდმივად მივდივართ წინ ახალი რეგიონული პროექტების კონკრეტული ნაბიჯებით. ამის თვალსაჩინო მაგალითია მწვანე ელექტროენერგიის გადაცემისა და ვაჭრობის პროექტი, რომელიც გააძლიერებს რეგიონულ კავშირებს, ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის ინტეგრაციას ჩვენს ენერგეტიკის ბაზრებში", - აღნიშნა ალფარსლან ბაირაქტარმა.

მისივე თქმით, ენერგეტიკის მიღმა, თურქეთი და საქართველო მასშტაბური რეგიონული სატრანსპორტო პროექტების მნიშვნელოვანი პარტნიორებიც არიან.

„ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტი ჩვენი პარტნიორობის ერთ-ერთ გამორჩეულ მიღწევად რჩება. გვჯერა, რომ რეგიონული კავშირების გამყარება და ურთიერთობების დაახლოება წინ წასწევს ჩვენი ერების კეთილდღეობას და თაობებისთვის ურთიერთსასარგებლო შესაძლებლობებს გაუხსნის კარს. კიდევ ერთხელ ვულოცავ ქართველ მეგობარ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს და ვუსურვებ მშვიდობას, სტაბილურობასა და წარმატებას. დაე, გაძლიერდეს ჩვენი მეგობრობა, გაღრმავდეს თანამშრომლობა და ჩვენს ერებს შორის კავშირი სიძლიერის წყაროდ დარჩეს მომავლისთვის", - განაცხადა თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ალფარსლან ბაირაქტარმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ