10.06.2026 16:26
განსაკუთრებული აქცენტი კეთდება დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებაზე, ხდება თანხების მოზიდვა, მათ შორის, საგზაო ინფრასტრუქტურისთვის და რკინიგზის განვითარების კუთხით ასეთი რესურსების მოზიდვა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მსოფლიო ბანკთან გაფორმებულ შეთანხმებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმად, ბანკი საქართველოს 372 მლნ აშშ დოლარს გამოუყოფს.
მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობა, ფინანსთა სამინისტრო, ძალიან აქტიურად მუშაობს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, მათ შორის, მსოფლიო ბანკთან, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფილი იყოს სათანადო ფინანსური რესურსებით.
„ჩვენ წარვადგინეთ რკინიგზის განვითარების ათწლიანი გეგმა, რომელსაც სჭირდება სათანადო დაფინანსება. ამას სჭირდება შესაბამისი ფინანსური წყაროები და ყველა მიმართულებით გაგრძელდება ძალისხმევა, რომ ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია განვითარდეს. იქნება მოზიდული სათანადო ფინანსური რესურსები. ფაქტებიც ადასტურებს, რომ შუა დერეფანი არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული ხაზი სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით. 2020 წლის შემდეგ შვიდჯერ არის გაზრდილი შუა დერეფანში ტვირთების ნაკადი, ეს თავისთავად მეტყველებს იმაზე, რამდენად დიდია პერსპექტივა. რესურსი არის ბევრად მეტი და ასეთ პირობებში საერთაშორისო სუბიექტები, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ძალიან კარგად იაზრებენ, რამდენად დიდია შუა დერეფნის პოტენციალი და, მათ შორის, საქართველოს პოტენციალი შუა დერეფნის ფარგლებში. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ შუა დერეფნის პოტენციალის მიმართ ინტერესი ფინანსურ მხარდაჭერაშიც აისახება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ავტორ(ებ)ი :