ტატა ხვედელიანი - არ მესმის, პატიმარი სააკაშვილი რატომ არის ასეთ პრივილეგირებულ მდგომარეობაში „ოცნების“ მხრიდან, რომ მას აქვს უფლება, აქტიურ პოლიტიკაში იყოს ჩართული 11.06.2026 12:02

 

არ მესმის, პატიმარი სააკაშვილი რატომ არის ასეთ პრივილეგირებულ მდგომარეობაში „ოცნების" მხრიდან, რომ მას აქვს უფლება, აქტიურ პოლიტიკაში იყოს ჩართული - რაც მათ რიგებში ხდება, მათი და რა თქმა უნდა, „ოცნების" საქმეა, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება" აქამდე ვერც მოაღწევდა რომ არა „ნაციონალური მოძრაობის" „მუდმივი დამხმარე რესურსი".

„მე, საერთოდ, არ მესმის, პატიმარი სააკაშვილი რატომ არის ასეთ პრივილეგირებულ მდგომარეობაში „ოცნების" მხრიდან, რომ მას აქვს იმის უფლება, ასეთ აქტიურ პოლიტიკაში იყოს ჩართული და ასეთი განცხადებები ჰქონდეს. აქედან გამომდინარე, არასერიოზულია და კომენტარს არ გავაკეთებ ის ვის თვლის ამ ბრძოლაში ჩართვის ღირსად. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას" - ჩვენ ძალიან ბევრჯერ გვითქვამს, რომ ეს წითელი ხაზია ჩვენი პარტიისთვის, ჩვენი ამომრჩევლისთვის, აქედან გამომდინარე, ის რაც მათ რიგებში ხდება, მათი საქმეა და რა თქმა უნდა, „ოცნების" საქმეა. პირველ რიგში, „ოცნება" არის დაინტერესებული იმით, რომ დღემდე „ნაციონალური მოძრაობა" იკავებს ამ პოზიციებს ჩვენს ქვეყანაში. „ოცნება" აქამდე ვერც მოაღწევდა რომ არა „ნაციონალური მოძრაობის" მუდმივი დამხმარე რესურსი", - განაცხადა ხვედელიანმა.

რაც შეეხება „ოპოზიციურ ალიანსში" არსებულ დაპირისპირებაზე კითხვას, დეპუტატი აღნიშნავს, რომ არ ფლობს ინფორმაციას, „რატომ კინკლაობენ მუდმივად ეს პარტიები".

„ჩემთვის, როგორც საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლისთვის, ძალიან სამწუხაროა ასეთი პროცესები, თუმცა მე მათ რიგებში არსებულ დაპირისპირებაზე დეტალურ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ეს ჩემი მხრიდან არასერიოზული იქნება. მე სრულებით არ ვფლობ ინფორმაციას, რატომ კინკლაობენ მუდმივად ეს პარტიები. შესაბამისად, ამაზე ჩემი მხრიდან კომენტარის გაკეთება არასერიოზული იქნება. ჯობია, მათ რიგებში არსებული უთანხმოების შესახებ იკითხოთ „ოცნებაში", იმიტომ რომ „ოცნება" მუდმივად ამბობს იმას, რომ ისინი ფლობენ ინფორმაციას მათ რიგებში არსებულ კინკლაობაზე.

ჩვენ ვხედავთ ასევე, რომ 2018 წლიდან მოყოლებული, ის პარტიები, რომლებიც ახლა ალიანსში არიან, საკუთარი ნაბიჯებით მუდმივად აძლიერებენ „ოცნებას" და ის, რომ დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში არის ასეთი პოლიტიკურად მძიმე და ჩიხური მდგომარეობა, არის პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ამ პროცესების შედეგი - ის, რომ „ანიტები" და მათნაირი ჩანერგილი აგენტი ადამიანები არიან „ოცნების" სამსახურში და მუდმივად აძლიერებენ საკუთარი გადაწყვეტილებებით. შესაბამისად, ჯობია რომ ამ ადამიანებთან დაკავშირებით „ოცნებას" ჰკითხოთ", - განაცხადა ხვედელიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" რადიკალური რეფორმებისა და პარტიის განახლების მიზნით ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანისა და მისი გუნდის შეერთება დააანონსა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხიდან გავრცელებულ განცხადებაში ხაზს უსვამს ენმ-ის „სახალხო ორგანიზაციად" გარდაქმნის აუცილებლობას, რომელიც, მისი თქმით, უნდა იყოს არა ვიწრო-ელიტარული დაჯგუფება, არამედ ყველა მოქალაქის გაერთიანება. სააკაშვილის განმარტებით, ლიდერების პატიმრობის პირობებში პარტიას ფუნდამენტური განახლება და გააქტიურება სჭირდება, რისთვისაც ნანუკა ჟორჟოლიანს მისი სრული მანდატი და ნდობა აქვს.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ