13.06.2026 13:37
თუ გავიხსენებთ წლებს, როდესაც გარე აქტორების თითის ქნევას თავს ვუხრიდით, ეს ძალიან ძვირი უჯდებოდა ჩვენს ქვეყანას, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს, როდესაც საქართველო დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს, მასზე ძალიან დიდი ზეწოლა ხორციელდება.
„ბოლო წლების განმავლობაში, უპრეცენდენტო ზეწოლა ხორციელდება ჩვენს ქვეყანაზე. შეიძლება ვისაუბროთ კანონებზე, რომელიც ამ პროცესის ნაწილია, მაგრამ ყველაზე მთავარი მიზეზი, რომელიც მინდა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ კარგად გაიგოს, არის ის, როგორ გაბედა საქართველომ მათ გარეშე რაიმე გადაწყვეტილების მიღება. ჩვენ გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. არჩეული ხელისუფლების პირდაპირი ვალდებულებაა, დაიცვას მშვიდობა, ოჯახები, შვილები და არავის მისცეს უფლება, უდანაშაულო, ახალგაზრდა საჯიშე ბიჭები გამოიყენონ სხვა რომელიმე დიდი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად“, – განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც კალაძემ აღნიშნა, პასუხი არ არსებობს კითხვაზე, რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული კონკრეტული კანონები ევროპულ დემოკრატიას.
„მოდი, მივყვეთ ინდივიდუალურად, რატომ გახდა პრობლემა გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი, რატომ ეწინააღმდეგება ევროპულ დემოკრატიას? რატომ არის პრობლემა და რატომ ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციას ოჯახური ღირებულებების დაცვა? ამაზე არანაირი პასუხი არ არსებობს. მთავარი პრობლემაა ის, რომ საქართველომ დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილებები და იცავს საკუთარ სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას. ეს არის სამწუხარო რეალობა“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
კახა კალაძის თქმით, მუქარები, შანტაჟი, რომელთაც ბოლო წლების განმავლობაში, ყოველდღიურ რეჟიმში ვისმენთ, კატეგორიულად მიუღებელია.
„ბევრჯერ გვითქვამს, რომ ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, მაგრამ ვიღაცამ თითის დაქნევით ელაპარაკოს ქართველ ხალხს და სახელმწიფოს, წარმოუდგენელია. მერე რა, რომ პატარა ქვეყანა ვართ და პატარა ეკომონიკა გვაქვს, უდიდესი კულტურის, ტრადიციების მქონე ხალხი ვართ და ვალდებული ვართ, ჩვენი ქვეყნის ინტერესები დავიცვათ. თუ გავიხსენებთ წლებს, როდესაც გარე მითითებებით დავდიოდით, გარე აქტორების თითის ქნევას თავს ვუხრიდით, ეს ძალიან ძვირი უჯდებოდა ჩვენს ქვეყანას და უდიდესი პრობლემების წინაშე აღმოვჩნდით. ჩვენ, არჩეულ ხელისუფლებას, უდიდესი პასუხისმგებლობა გვაკისრია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის წინაშე. შესაბამისად, ჩვენი პოლიტიკით უნდა დავიცვათ ქვეყანა, ოჯახები და ქართველი ხალხი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ავტორ(ებ)ი :