15.06.2026 17:45
ამ თემით მანიპულირება არის საცოდავი, უნიათო მცდელობა იმისათვის, რომ თავის მიერ ადამიანების მიმართ ჩადენილი დანაშაულების უშველებელი მთა როგორღაც გაამართლონ ერთეული გადაცდომებით, რომელიც შეიძლება პოლიციამ ჩაიდინოს , - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც "ტვ პირველის" ეთერში გასულ კადრებს გამოეხმაურა, სადაც ჩანს, თუ როგორ სცემენ პოლიციელები მოქალაქეებს.
მისი თქმით, ამ თემის ირგვლივ „თაღლითურად ჩამოყალიბებული სცენარია", რომ წარმოაჩინონ თითქოს 45 000 პოლიციელიდან რამდენიმე პოლიციელის გადაცდომა სისტემური დანაშაულია.
"ეს სიუჟეტი და ზოგადად დამოკიდებულება ამ თემის მიმართ არის თაღლითურად ჩამოყალიბებული - თაღლითური სცენარია, წარმოაჩინონ თითქოს რამდენიმე პოლიციელის გადაცდომა 45 000 პოლიციელიდან არის სისტემური დანაშაული, ეს მტკიცება გაფუჭებული კვერცხის ნაჭუჭადაც არ ღირს. ის, რომ 2022 წელს მოხდა ეს დანაშაული და 2026 წლის თებერვალში მყისიერი რეაგირება გაკეთდა ამაზე, ეს იმიტომ კი არ მოხდა, რომ ვინმეს ეშინია ნეგატიური პროპაგანდის, ან იმიტომ, რომ უცხოეთიდან შენიშვნა არ მიგვეღო - ეს იმიტომ ხდება, რომ პოლიციის მმართველობის პრინციპი ასეთია. შეიძლება ხისტი დამოკიდებულება ჰქონდეს ადამიანების მიმართ, ვინც სახელმწიფოს უსაფრთხოებას ემუქრება, მაგრამ არსებობს გარკვეული სტანდარტი , რაც იმაზე უკეთესია, ვიდრე ევროპის ზოგიერთ დედაქალაქში.
ამ თემით მანიპულირება არის საცოდავი, უნიათო მცდელობა იმისათვის, რომ თავის მიერ ადამიანების მიმართ ჩადენილი დანაშაულების უშველებელი მთა როგორღაც გაამართლონ იმ ერთეული გადაცდომებით, რომელიც შეიძლება პოლიციამ ჩაიდინოს. სისტემური მართვა, სისტემური დანაშაული და სისტემური ძალადობა არის ის, რასაც მოჰყვა ადამიანების ხოცვა-ჟლეტვა ქუჩებში, წამება და წამებით მოკვდინება. აი, ეს არის სისტემური დანაშაული, რომელსაც ჩადიოდა ის ხალხი, ვინც დღეს ამ პოლიციელების გადაცდომაზე ხმამაღლა ლაპარაკობს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ამავე თემაზე საუბრისას ვოლსკიმ აღნიშნა, რომ სისტემური დანაშაული ნიშნავს იმას, რასაც "ნაცმოძრაობა" ჩადიოდა.
"ნებისმიერი ნეიტრალური შემფასებელი გამოკითხეთ და გეტყვით, რომ სისტემური არის, როდესაც მითითება გაქვს, რომ ადამიანები უნდა აწამო, მოკლა, გააუპატიურო და ქუჩაში დახოცო იმისათვის, რომ შენი ხელისუფლების გარკვეული ინტერესები გაატარო ქვეყანაში. რაც შეეხება მიჩქმალვას და ართქმას ამასთან დაკავშირებით, ეს არის ჩვეულებრივი დანაშაული და თუკი ასეთი არსებობდა, რასაკვირველია, ყველას პასუხი მოეთხოვება. სხვაა სისტემური დანაშაული და სხვაა გადაცდომა. სისტემური ნიშნავს იმას, რასაც ჩადიოდა "ნაცმოძრაობა", რომლის პროპაგანდისტები ხმამაღლა გაყვირიან იმასთან დაკავშირებით, რომ გადაცდომა და სისტემურობა არის ერთი და იგივე", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ავტორ(ებ)ი :