16.06.2026 20:30
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის განცხადებით, ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის მიერ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი და ამ მხრივ არსებული შესაძლებლობები განიხილეს.
მახაშვილის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს.
„საქართველოს პარლამენტის დელეგაციას გვქონდა ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ჩვენ განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი და ამ მხრივ არსებული შესაძლებლობები, ხაზი გავუსვი ამ შესაძლებლობის გამოყენების აუცილებლობას. ასევე, გვქონდა შესაძლებლობა, განგვეხილა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და მაქსიმალურად გამოგვეყენებინა ის შესაძლებლობები, რომელიც არის საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში, რომ გადავტვირთოთ ეს ურთიერთობები, აღვადგინოთ პოლიტიკური დიალოგი, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა ამ ურთიერთობებიდან მეტი სარგებელი ნახონ.
აგრეთვე, ჩვენ განვიხილეთ რეგიონში არსებული მდგომარეობა, შავი ზღვის რეგიონში, სამხრეთ კავკასიაში არსებული, ფართო რეგიონში არსებული კონფლიქტები, ამავე დროს, შესაძლებლობები, იქნება ეს სავაჭრო ურთიერთობები, ლოგისტიკა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, თუ სხვადასხვა მიმართულებით. ვისაუბრეთ შემდგომ ნაბიჯებზეც. დავგეგმეთ შემდგომი ნაბიჯები და იმედი გვაქვს, ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს, როგორც ორმხრივი ურთიერთობის გაფართოებას და განვითარებას, ასევე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გადატვირთვას", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ავტორ(ებ)ი :