17.06.2026 16:19
"ერთიანი ნეიტრალური საქართველო" განცხადებას ავრცელებს, რომელიც გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებას ეხმიანება.
კოსმა თქვა, რომ ევროკავშირის ახალ წევრებს ვეტოს უფლება შეეზღუდებათ. პარტიის შეფასებით, მარტა კოსის მიერ გაჟღერებული იდეა საუკეთესოდ გამოხატავს, რომ დღეს "დიფ სთეითის" დაქვემდებარებაში, პარალელურად კი ევროკავშირის სათავეში მყოფი ძალები, სხვადასხვა სახელმწიფოებისგან სრულ მორჩილებას მოითხოვენ. "ნეიტრალური საქართველო" ხელისუფლებას მოუწოდებს დროულად თქვას უარი ევროკავშირისკენ სწრაფვის ოფიციალურად დეკლარირებულ პოზიციაზე და ამ საკითხთან დაკავშირებით დებატებს ითხოვს.
ვატო შაქარიშვილის განცხადებით, ევროკავშირში მიმდინარე ცვლილებების ფონზე ახალი წევრი ქვეყნებისთვის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა შესაძლოა შეიზღუდოს, რაც, მისი შეფასებით, საქართველოს ინტერესების სრულფასოვნად დაცვის შესაძლებლობას დააკნინებს. მისი თქმით, ქვეყანამ საგარეო პოლიტიკა დამოუკიდებლად და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით უნდა წარმართოს.
"ისინი უკვე ღიად აცხადებენ, რომ მათ არ სურთ არანაირი თანასწორუფლებიანი არც პარტნიორი, არც წევრი მათ შორის და აპირებენ, რომ ხმის უფლება შეუზღუდონ ახალ წევრ ქვეყნებს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს, რომელიც მიისწრაფვის დღემდე სამწუხაროდ ხელისუფლების პოლიტიკის შესაბამისად ევროკავშირისკენ, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს საერთოდ არ ექნება ხმის უფლება გაერთიანებაში და მას მოუწიოს ნებისმიერი იმ პოლიტიკის გატარება საკუთარ ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგს მოუტანს ეს ჩვენს ქვეყანას. ერთხელ და სამუდამოდ გამოვიდეთ ამ ევროილუზიიდან, შევძლოთ ჩვენი დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოება, ჩვენი ეროვნული ინტერესის გატარება", - აცხადებს პარტიის "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" აღმასრულებელი მდივანი ვატო შაქარიშვილი.
ავტორ(ებ)ი :