ქალბატონი კოსის განცხადება არის კატეგორიულად მიუღებელი და შეურაცხყოფა ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყნისთვის - რატი იონათამიშვილი 17.06.2026 16:22

 

გაფართოების საკითხებში ევროკომის​რის მარტა კოსის განცხადება, რომ ევროკავშირის ახალ წევრებს ვეტოს უფლება შეეზღუდებათ, დისკუსიის თემაა საქართველოში - როგორც  მმართველ გუნდში აცხადებენ, მარტა კოსის შეფასებები მიუღებელია და ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომლებზეც ევროკავშირია დაფუძნებული.

რატი იონათამიშვილის განცხადებით, ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი, წევრი სახელმწიფოების თანასწორობაა და ნებისმიერი მიდგომა, რომელიც ქვეყნებს განსხვავებულ მდგომარეობაში აყენებს, ევროპულ ღირებულებებთან შეუსაბამოა.

"ქალბატონი კოსის განცხადება არის კატეგორიულად მიუღებელი და შეურაცხყოფას წარმოადგენს ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყნისთვის, განსაკუთრებით იმ ქვეყნებისთვის, ვინც კეთილსინდისიერად იცავენ ყველა შესაბამის პირობას ევროინტეგრაციის გზაზე. ეს ადამიანი გვეუბნება, რომ თურმე არსებობენ მეორეხარისხოვანი ქვეყნები, რომელთა ხმას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს და ყველას გავახსენებ, რომ ევროკავშირის სწორედ თანასწორობის პრინციპს დაეფუძნა თავის დროზე და შესაბამისად, დღეს ასეთი განცხადებები მათი მხრიდან არის პირდაპირი ღალატი ევროპული ფასეულობების და იმ ღირებულებების, რასაც ეფუძნება ევროკავშირი", - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.

ცნობისთვის, "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" განცხადებას ავრცელებს, რომელიც გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებას ეხმიანება. გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა თქვა, რომ ევროკავშირის ახალ წევრებს ვეტოს უფლება შეეზღუდებათ. პარტიის შეფასებით, მარტა კოსის მიერ გაჟღერებული იდეა საუკეთესოდ გამოხატავს, რომ დღეს "დიფ სთეითის" დაქვემდებარებაში, პარალელურად კი ევროკავშირის სათავეში მყოფი ძალები სხვადასხვა სახელმწიფოებისგან სრულ მორჩილებას მოითხოვენ.

"ნეიტრალური საქართველო" ხელისუფლებას მოუწოდებს დროულად თქვას უარი ევროკავშირისკენ სწრაფვის ოფიციალურად დეკლარირებულ პოზიციაზე და ამ საკითხთან დაკავშირებით დებატებს ითხოვს. 

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ