17.06.2026 16:25
გაფართოების საკითხებში ევროკომისრის მარტა კოსის განცხადება, რომ ევროკავშირის ახალ წევრებს ვეტოს უფლება შეეზღუდებათ, დისკუსიის თემაა საქართველოში - როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს თანაბარი უფლებები უნდა ჰქონდეს, განსაკუთრებით იმ ქვეყნებს, რომლებმაც გაწევრიანების გზაზე მნიშვნელოვანი ძალისხმევა და რესურსი გაიღეს.
"არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი, მე მაქვს ძალიან მყარი პოზიცია, რომ ყველა წევრ ქვეყანას, მით უმეტეს ამხელა გზა რომელსაც ექნება გავლილი და ამხელა მსხვერპლი იქნება გაღებული, არ შეიძლება ჰქონდეს ვინმეზე ნაკლები უფლებები, ეს არის მარტივი მოცემულობა, თუმცა ამ ეროვნულ და სხვა მსგავს საკითხებზე ისეთი მთავრობა უნდა იბრძოდეს, რომელსაც რეალურად სურს ევროპული ინტეგრაცია და რომელსაც რეალურად შეუძლია თავისი პოზიცია გაიტანოს", - აცხადებს პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის' გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი.
ცნობისთვის, "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" განცხადებას ავრცელებს, რომელიც გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებას ეხმიანება. გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა თქვა, რომ ევროკავშირის ახალ წევრებს ვეტოს უფლება შეეზღუდებათ. პარტიის შეფასებით, მარტა კოსის მიერ გაჟღერებული იდეა საუკეთესოდ გამოხატავს, რომ დღეს "დიფ სთეითის" დაქვემდებარებაში, პარალელურად კი ევროკავშირის სათავეში მყოფი ძალები სხვადასხვა სახელმწიფოებისგან სრულ მორჩილებას მოითხოვენ.
"ნეიტრალური საქართველო" ხელისუფლებას მოუწოდებს დროულად თქვას უარი ევროკავშირისკენ სწრაფვის ოფიციალურად დეკლარირებულ პოზიციაზე და ამ საკითხთან დაკავშირებით დებატებს ითხოვს.
ავტორ(ებ)ი :