18.06.2026 16:52
„ნაციონალურ მოძრაობას" განახლების არანაირი რესურსი არ აქვს, რადიკალურ ოპოზიციასთან გაკარება არავის უნდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობასა" და „ოპოზიციის ალიანსში" მძიმე მდგომარეობაა.
„ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ მოქალაქეებს მათ პრობლემებზე ყურადღება გადაატანინონ და კოლექტიური „ნაცმოძრაობიდან" „ლელოს" და გახარიას პარტიას გამიჯვნა მოხდეს. თითქოს ისინი საკუთარ დღის წესრიგს დამოუკიდებლად აყალიბებენ და ერთითა და იმავე ვერტიკალით არ იმართებიან. ეს არის ჩანაფიქრი, რისი გაკეთებაც ადგილობრივ არჩევნებზე დაიწყეს და ამ პროცესს აგრძელებენ. „ნაციონალურ მოძრაობას" განახლების არანაირი რესურსი არ აქვს, რადიკალურ ოპოზიციასთან გაკარება არავის უნდა. რა თქმა უნდა, თინა ბოკუჩავამ სააკაშვილის მიმართ წყენა ვერ დამალა, რადგან მას ყველაფერი აქვს გაკეთებული, რათა პარტიის თავმჯდომარე ყოფილიყო და ინფორმაცია მანქანაში გაუგია. ლოგიკურია, გული დასწყდებოდა. ნანუკა ჟორჟოლიანზე ბევრი რა ვთქვა, ეს პარტია პლინტუსს ქვემოთ ჩადის. პლინტუსს ქვემოთ თუ რაღაც არსებობს, იმის ქვემოთაც ჩასვლას აპირებენ. ნანუკა ჟორჟოლიანი „უძლიერესი" პოლიტიკოსია, „კარგი" თავმჯდომარე იქნება. კარგი აქტივისტია და კარგ ლობიანებს აცხობდა. ლობიანების ცხობა დამაკნინებელი საერთოდ არ არის. პირიქით, ვამბობ, რომ კარგ ლობიანებს აცხობდა, თუმცა კარგ ლობიანს რომ აცხობ, იმას არ ნიშნავს, რომ პარტიის კარგი თავმჯდომარე იქნები", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" ცვლილებები იქნება ძირეული და არა კოსმეტიკური. პარტია არა მხოლოდ გასაცოცხლებელია, არამედ იმაზე უკეთეს ფორმაშია მოსაყვანი, ვიდრე იყო 2003 წელს. ივლისში ყველა თანამდებობის პირს პარტიაში უმთავრდება ვადა. აუცილებელია თავმჯდომარის არჩევნები იმ ფორმატით, რომელიც რეჟიმის მხრიდან ჩარევას გამორიცხავს. ჩემი კანდიდატი თავმჯდომარედ არის ნანუკა ჟორჟოლიანი. მას აქვს გამოცდილება, ენერგია, ხედვა, რომ ამ გამოწვევას გაუმკლავდეს".
სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა: „ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს. ეს არის ვეტერანებისა და ახალი თაობის ნამდვილი თანავარსკვლავედი. ბოკუჩავაც რჩება პარტიაში, როგორც ერთ-ერთი ლიდერი".
ავტორ(ებ)ი :