მაკა ბოჭორიშვილი - ევროპარლამენტის რეზოლუციაში ბევრი უჩვეულო ჩანაწერია, რაც შეუძლებელს ხდის, დოკუმენტი სერიოზულად შეფასდეს, ყველანაირ მექანიზმის იყენებენ, რომ საზოგადოება დაყოფილი იყოს 18.06.2026 21:07

ყველანაირ მექანიზმის იყენებენ, რომ ჩვენი საზოგადოება დაყოფილი იყოს. ნამდვილად სამწუხაროა, რომ ეს ხდება ევროკავშირის ინსტიტუტების ხელით, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე კომენტირებისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუციაში ბევრი უჩვეულო ჩანაწერია, რის გამოც, დოკუმენტის სერიოზულად შეფასება შეუძლებელია.

 

„ზოგადად, ამ რეზოლუციაში თუ ანგარიშში ბევრი უჩვეულო ჩანაწერია, რაც შეუძლებელს ხდის, დოკუმენტი სერიოზულად შეფასდეს, რამე პოზიცია სერიოზულად გამოვხატო. იცით, ვინც არის ანგარიშზე მომხსენებელი. ეს არ არის ერთადერთი მცდელობა, რომ ჩვენი საზოგადოება დაყონ, ასეთი ბევრი ვნახეთ. ერთი მხრივ, პოლარიზაციაზე გვესაუბრებიან, მეორეს მხრივ, ყველანაირ მექანიზმს და ყველანაირ საშუალებას იყენებენ, რომ ჩვენი საზოგადოება კიდევ უფრო დაყოფილი და ერთმანეთთან დაპირისპირებული იყოს. ნამდვილად სამწუხაროა, რომ ეს ხდება სწორედ ევროპარლამენტარებისა და ევროკავშირის ინსტიტუტების ხელით", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

 

ბოჭორიშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ ევროპარლამენტი გამოიყენება ინსტრუმენტად, რათა ჩვენს საზოგადოებაზე გარკვეული ზეწოლა განახორციელონ. მისივე თქმით, რეზოლუციაში ბევრი ტყუილი წერია, რაც საქართველოს რეპუტაციის შელახვას ემსახურება.

 

„ძალიან სამწუხაროა ერთი რამ - ევროკავშირის ერთ-ერთი ინსტიტუტი, ამ შემთხვევაში ევროპარლამენტი, ასე გამოიყენება ინსტრუმენტად, რათა გარკვეული ზეწოლა განახორციელონ ან სცადონ განხორციელება ჩვენს საზოგადოებაზე, განამტკიცონ საქართველოს შესახებ სრულიად ცრუ ნარატივები. ამ რეზოლუციაში ძალიან ბევრი ტყუილი და არასწორი ინფორმაცია წერია, ბევრი დებულება მეტად მანიპულაციურია. შესაბამისად, ეს ყველაფერი საქართველოს რეპუტაციის შელახვას ემსახურება. თქვენ ნახავდით საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციას ამ ტექსტთან დაკავშირებით და ჩვენ ამას აღვიქვამთ როგორც თავდასხმას ქართულ სახელმწიფოსა და ქართულ საზოგადოებაზე. ნამდვილად მიუღებელია, რომ ეს ევროკავშირის ერთ-ერთი ინსტიტუტის ხელით კეთდება", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

ცნობისთვის, 17 ივნისს მიღებულ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ნათქვამია: „მოვუწოდებთ ევროკომისიას, შექმნას მექანიზმი, რომლითაც სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებს, ჟურნალისტებსა და სტუდენტებს შეუნარჩუნდებათ უვიზო წვდომა ევროკავშირში".

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ