19.06.2026 14:37
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, მაიკლ ო'ფლაერტიმ გამოაქვეყნა მემორანდუმი, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, პროგრესს მიაღწიოს დემონსტრანტების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფაში და გააუქმოს კანონები, რომლებიც, მისი შეფასებით, მათ შორის, შეკრების, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს.
მემორანდუმი 2026 წლის აპრილში მაიკლ ო'ფლაერტის საქართველოში ვიზიტის შემდეგ მომზადდა.
კომისარი დადებითად აფასებს კანონს, რომელიც სამართალდამცავ პირებს თვალსაჩინო საიდენტიფიკაციო ნომრების ტარებას ავალდებულებს და მოუწოდებს მის სასწრაფო მიღებასა და ეფექტურ აღსრულებას.
მაიკლ ო'ფლაერტი აღნიშნავს, რომ ცოტა ხნის წინ, ხუთ პოლიციელს „2024 წელსა და 2025 წლის დასაწყისში დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენებისთვის სისხლის სამართლის მუხლით ბრალდება წარედგინა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ სახალხო დამცველმა არასათანადო მოპყრობის შესახებ ანგარიშები 360 დემონსტრანტისგან მიიღო, კომისარი შეშფოთებულია, რომ ამ საქმეების გამოძიება მნიშვნელოვნად გაჭიანურდა და დღემდე მცირე პროგრესი დაფიქსირდა".
კომისარი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია აღსრულდეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებიც ეხება არასათანადო მოპყრობისა და პოლიციის მიერ დემონსტრაციების კონტროლის შესახებ ბრალდებების ეფექტურ და დამოუკიდებელ გამოძიებას.
„ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს დემონსტრანტების მიმართ ქიმიური ნივთიერებების შემცველი წყლის ჭავლის გამოყენების ფაქტის საფუძვლიანი, დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიება, დაზარალებულებისა და სამოქალაქო საზოგადოების სრული მონაწილეობით და დასკვნის გამოქვეყნება", - აღნიშნავს კომისარი.
მაიკლ ო'ფლაერტი წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ „საქართველოს ხელისუფლებამ, მშვიდობიანი შეკრების უფლებაზე არსებული შეზღუდვების გადახედვის ნაცვლად, 2025 წლის ოქტომბერსა და დეკემბერში დამატებითი შეზღუდვები დააწესა. ეს ცვლილებები მოიცავს ნებისმიერი შეკრების, მათ შორის, სპონტანური პროტესტის შესახებ წინასწარი შეტყობინების ვალდებულებას, ასევე პოლიციის ახალ უფლებამოსილებას, რომლის მიხედვითაც, შესაძლებელია, დემონსტრანტებს აუკრძალონ საგზაო ან ქვეითთა მოძრაობის შეფერხება, ასევე ადმინისტრაციული სანქციების გაფართოებას და, თუ ადამიანი საპროტესტო აქციასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ გადაცდომას არაერთხელ ჩაიდენს, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესების შესაძლებლობას".
„ეს ცვლილებები მნიშვნელოვნად ზღუდავს მშვიდობიანი შეკრების უფლებას და, როგორც ჩანს, არ არის თანხვედრაში საჭიროებისა და პროპორციულობის პრინციპებთან, რომლებიც ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაშია განმტკიცებული", - აღნიშნავს მაიკლ ო'ფლაერტი.
კომისარი შეშფოთებულია „უცხოური გავლენის შესახებ რამდენიმე კანონის დამთრგუნველი ეფექტით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, ადამიანის უფლებათა დამცველებსა და ჟურნალისტებზე".
„მოვითხოვ უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის გაუქმებას, რომელიც იურიდიულ და ფიზიკურ პირებს ავალდებულებს, დარეგისტრდნენ როგორც „უცხოური გავლენის აგენტები", ასევე გრანტების შესახებ კანონში შეტანილი ფართომასშტაბიანი ცვლილებების გაუქმებას, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ოფიციალური ნებართვის გარეშე უცხოური დაფინანსების მიღებას უკრძალავს. ხელისუფლებამ ასევე უნდა შეაჩეროს ათობით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის წინააღმდეგ წარმოებული ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი საქმეები, რომლებიც უცხოური დაფინანსების მიღებას ან, სავარაუდოდ, დამძიმებული გარემოებებით ჩადენილ დივერსიაში მონაწილეობას ეხება, და დაუყოვნებლივ მოხსნას მათი ბანკის ანგარიშების გაყინვა", - განაცხადა კომისარმა ო'ფლაერთმა.
კომისრის შეფასებით, ოპოზიციური პარტიებისა და პოლიტიკოსების მიმართ სამართლებრივი ღონისძიებები, როგორც ჩანს, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან არ არის თანხვედრაში.
კომისრის განცხადებით, „გამოხატვის თავისუფლებაზე არსებული შეზღუდვები, მათ შორის, მედიასაშუალებებისთვის უცხოური დაფინანსების აკრძალვა და ცილისწამების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების კუმულაციური ეფექტი, ჟურნალისტებს თვითცენზურისკენ უბიძგებს".
ავტორ(ებ)ი :