ანა წითლიძე მიხეილ სააკაშვილს პასუხობს - "ვიდრე გადაწყვეტილებები სამ კაცში მიიღება, უმრავლესობა კი ამას „ფეისბუქით“ იგებს, პარტია სულ კრიზისში იქნება და ვერასოდეს გახდება სახალხო" 19.06.2026 16:34

არა, ბატონო პრეზიდენტო, ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, არ დაგეთანხმებით. ვიდრე გადაწყვეტილებები სამ კაცში (ფიგურალურად) მიიღება, უმრავლესობა კი ამას „ფეისბუქით" იგებს, პარტია სულ კრიზისში იქნება და ვერასოდეს გახდება სახალხო, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს და ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს პასუხობს.

 

მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „„ნაციონალურ მოძრაობაში" არის უმძიმესი კრიზისი. ენმ-მ დაკარგა თავისი რეგიონალური ბირთვის 70%, ნაწილობრივ ღალატის, რეჟიმის ჩარევის და ასევე შეცდომების გამო (მათ შორის, ჩემი შეცდომების), ვიღაცას ზედმეტად ვენდე, ვიღაცა, შეიძლება, გავანაწყენე. ამაზე უარეს მდგომარეობაში, როგორშიც დღესაა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", უბრალოდ ვერ აღმოჩნდება".

 

როგორც ანა წითლიძე წერს, პარტიაში არასწორი გადაწყვეტილებების კასკადი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობაში" ნამდვილი შიდა დემოკრატია არ დამყარდება, სადაც გადაწყვეტილებები ქვევიდან ზემოთ მიიღება.

 

„არა, ბატონო პრეზიდენტო, ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, არ დაგეთანხმებით ერთ ძალიან მნიშვნელოვან რამეში. ეს არ ეხება ნანუკას მოსვლას ან თინას „წასვლას". ეს ენმ-ის ზოგადი სიმპტომია: სანამ გადაწყვეტილებები სამ კაცში (ფიგურალურად) მიიღება, უმრავლესობა კი ამას „ფეისბუქით" იგებს, პარტია სულ კრიზისში იქნება და ვერასოდეს გახდება სახალხო.

 

წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, მე ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას იმაზე, რაშიც მონაწილეობა არ მიმიღია და რისი წინააღმდეგიც ვიყავი ან რაზეც არაფერი უკითხავთ და გადაწყვეტილება ისე მიიღეს. არასწორი გადაწყვეტილებების კასკადი მანამ გაგრძელდება, სანამ ამ პარტიაში ნამდვილი შიდა დემოკრატია არ დამყარდება - სადაც გადაწყვეტილებები ქვევიდან ზემოთ მიიღება.

 

ამის შანსი ენმ-ს ახლა აქვს და იმედია, გამოიყენებს. საჭიროა არა სახელებისა და გვარების, არამედ თამაშის წესების შეცვლა, გამჭვირვალობა, ამომრჩევლისა და პარტიის წევრების რეალური მონაწილეობა პარტიის საქმიანობაში და კულუარული გადაწყვეტილებების დასრულება. თუ ამას გავაკეთებთ, წინ წავალთ, თუ არა - ისევ იმავე წრეზე ვივლით", - წერს ანა წითლიძე.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ