გია ბარამიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ ამანათი არაა, რომ ვინმე უცნობი ან გამოუცდელი მოვიდეს და ამხელა პარტია თვალდახუჭული ვენდოთ 19.06.2026 20:16

 

გულზე ხელი დავიდოთ და გულწრფელად უნდა ვთქვათ, რომ ცხადია საკადრო პოლიტიკა მიშას საუკეთესო მხარე არ გამოდგა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრი გია ბარამიძე სოციალურ ქსელში წერს.

ბარამიძე მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ პოსტს აზიარებს, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ „ამაზე უარეს მდგომარეობაში, როგორშიც დღესაა „ნაციონალური მოძრაობა", უბრალოდ ვერ აღმოჩნდება".

როგორც ბარამიძე წერს, „ნაციონალური მოძრაობა" ამანათი არაა, რომ ვინმე უცნობი, ან გამოუცდელი ადამიანი მივიდეს და ამხელა პარტია, რომელმაც ამდენ წნეხს გაუძლო, თვალდახუჭულები ენდონ.

„პრეზიდენტი სააკაშვილი არის, არა მარტო ენმ-ს, არამედ, თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შემქმნელი, მან ობიექტურად დაიმსახურა, ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის ნდობა და პატივისცემა.

მე და ჩვენი მეგობრები, თანამებრძოლები ვამაყობთ რომ მისი ლიდერობით, ვართ ენმ წევრები, რიგითი მებრძოლები.

ადამიანს არც გული, არც სინდისი და არც გონება არ უნდა გვქონდეს, რომ მის გვერდით არ დავდგეთ და მხარი არ დავუჭიროთ, მით უფრო ისეთ გარემოებებში, როცა იგი (ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე) პუტინის პირადი ტყვე და მოღალატე კრიმინალთა, რუსული რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია.

მიშასადმი პირადად ჩემი თანადგომა იყო, არის და იქნება მტკიცე და ურყევი, რადგან მჯერა, რომ მას მომავალშიც შეუძლია, ჩვენი სამშობლოს გამთლიანებისა და ცივილიზებული, დემოკრატიული, ევროპული, სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანოს. ეს არასდროს ნიშნავდა, რომ ჩვენ ტაქტიკურ, თუ საკადრო საკითხებზე განსხვავებული აზრი და კამათი არ გვქონოდა.

ღმერთია მოწამე და ხალხმაც იცის, რომ სამწუხაროდ, ამ კუთხით ენმ პოლიტიკა გამართული თითქმის არასდროს იყო. აბა, გავიხსენოთ მიშას არყოფნის პირობებში, ბოლო 14 წელი ვინ იყვნენ ენმ თავმჯდომარეები და რეალურად რომ აკონტროლებდნენ პარტიას ის ხალხი და სად არიან ახლა ისინი?

გულზე ხელი დავიდოთ და გულწრფელად უნდა ვთქვათ, რომ ცხადია საკადრო პოლიტიკა მიშას საუკეთესო მხარე არ გამოდგა. რაც შეეხება ნანუკას, (რომელიც ჩვენი გუნდისთვის ნამდვილად არაა უცხო) პარტიაში მოსვლას და ენმ გამოცოცხლებისა და ეფექტიანობის გასაზრდელად ლიდერის როლში ჩართვას, ნამდვილად (ალალად და გულწრფელად ვამბობ) მხოლოდ მივესალმები, თუმცა არ ვიცი, ვინ „ახალგაზრდებს" გულისხმობს, ვინც თურმე პარტიის მართვა უნდა „გადაიბარონ"?

ენმ ამანათი არაა, რომ ვინმე უცნობი, ან გამოუცდელი ადამიანი (ასაკს მნიშვნელობა არ აქვს) მოვიდეს და აი ასე, აიღოს და ამხელა პარტია, რომელმაც ამდენ წნეხს გაუძლო, ამდენი მოღალატისა და გაყიდული, ან შეშინებული, და გამქრალი, ვითომ ლიდერების, „ლიდერობას" გაუძლო და დღემდე არის რეჟიმთან ბრძოლის საკვანძო ძალა, თვალდახუჭულები ვენდოთ. ახალგაზრდა ასაკი, არც გარანტია  და არც თამასუქი არ არის, რომ  ვინმე ვინმეს ჯობია ან მით უფრო, უფრო სანდოა, რამე საქმეში (ალბათ სპორტის გარდა) მით უფრო ასეთ სასტიკ და ვერაგ, რუსულ კრიმინალურ რეჟიმთან ბრძოლაში", - წერს ბარამიძე.

მისივე თქმით, ძალიან უცნაური და გაუგებარი იყო, როცა მოისმინეს, რომ თურმე „ნაციონალურ მოძრაობაში" ნანუკას გუნდის ახალგაზრდები უნდა მივიდნენ და პირდაპირ პარტიის მართვა „გადაიბარონ".

„მიშას ლიდერობით, ჩვენს გუნდს ახალგაზრდა პატრიოტების მოყვანისა და ლიდერულ პოზიციებზე დაწინაურების პრობლემა რომ არ გვაქვს ამის დასტურია, იმ შესანიშნავი ახალგაზრდების პარტიის ხელმძღვანელ პოზიციებზე ყოფნა, როგორებიც არიან ლევან სანიკიძე (ენმ თავმჯდომარის მოადგილე), ირაკლი ფავლენიშვილი (ენმ გენმდივნის მოადგილე) იგორ ნარმანია (ენმ თავმჯდომარის მოადგილე), თვითონ ხაბე, ენმ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე თათია ნიკოლაიშვილი, ენმ ანტიკორუფციული მდივანი და ლიდერები ვასო ურუშაძე, ანი წითლიძე და ბევრი სხვა., მაგრამ ყველა ამ ახალგაზრდამ პარტიის ლიდერის პოზიცია დაიკავა ნულიდან, რიგითი მებრძოლის პოზიციებზე ბრძოლით, თავდადებითა და დაიმსახურა გუნდის ნდობა. მათთვის ეს ნდობა ავანსად არავის მიუნიჭებია და არ „გადაუბარებია". ამიტომ, ძალიან უცნაური და გაუგებარი იყო, როცა მოვისმინეთ, რომ თურმე ენმ-ში ნანუკას გუნდის ახალგაზრდები უნდა მოვიდნენ და პირდაპირ ენმ მართვა „გადაიბარონ". ცხადია, ეს არასწორია, რადგან როცა რამეს მართავ, მით უფრო ასეთი ისტორიისა და მასშტაბის პოლიტიკურ გუნდს, იქ ჯერ იმ გუნდის წევრების ნდობა უნდა მოიპოვო და მერე იფიქრო მის მართვაზე", - აცხადებს ბარამიძე.

როგორც ბარამიძე აღნიშნავს, „ნაციონალურ მოძრაობაში" იმის ფუფუნება აღარ აქვთ, რომ ვინმემ ამხელა ორგანიზაცია პირადი პოლიტიკური მიზნებისთვის „გამოიყენოს" და შემდეგ გაქრეს, ან გატყდეს.

„ჩვენ აღარ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ვინმემ ამხელა ორგანიზაცია მისი პირადი პოლიტიკური მიზნებისთვის „გამოიყენოს" (ასეთიც მოვისმინეთ) და შემდეგ გაქრეს, ან გატყდეს, ან გაიყიდოს, ან უარესი პარტიის საბოტაჟით დაკავდეს, ან პარლამენტში მიშას და ჩვენი ხალხის ნდობით შევიდნენ და მერე ხელი დაგვიქნიონ, კარგად იყავითო! სამწუხაროდ, ეს ყველაფერი უკვე გამოცდილი გვაქვს და ბუნებრივია, იმავეს  გამეორება ნამდვილად აღარ გვინდა. ბოლო ბოლო ჩვენს შეცდომებზე მაინც ხომ უნდა ვისწავლოთ!

ასე რომ, ახალგაზრდებს და სხვა ასაკის ახალ ხალხს, მებრძოლებს ცხადია, მივესალმებით, ოღონდ, ჯერ მათ უნდა გვაჩვენონ, რომ ენმ-ში მის გამოსაყენებლად კი არ მოდიან, არამედ გულწრფელად იზიარებენ ჩვენი გუნდის მიზნებსა და ამოცანებს და მზად არიან, გულწრფელად და არა პირადი გამორჩენის მიზნით, პარტია გამოიყენონ", - წერს ბარამიძე.

მისი თქმით, ენმ-ს გამოცოცხლებისთვის ახალი ხალხის მიყვანა საკმარისი არ არის, გამარჯვებისთვის „ნაციონალური მოძრაობა" უნდა გახდეს „მეტად სახალხო პარტია".

„მთავარი, რაც მინდა ვთქვა, არის ის, (რასაც ერთ წელზე მეტია მიშაც ამბობს და ჩვენც) რომ ენმ-ს გამოცოცხლებისთვის ახალი ხალხის მოყვანა საკმარისი არ არის. ენმ გამარჯვებისთვის ჩვენ უნდა მეტად სახალხო პარტია გავხდეთ, რაც გულისხმობს ენმ მართვის პრინციპების ძირეულ ცვლილებას, ანუ მიშასთან და პოლიტსაბჭოსთან  ერთად, პარტიის მართვის სადავეები უნდა ჰქონდეს ასევე ენმ რიგით „ნამდვილ წევრებს", რომლებიც ენმ ინტერნეტ (შესაბამისად დაცული) აპლიკაციის მეშვეობით, უშუალოდ ჩაერთვებიან პარტიის მიერ მისაღები მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილებების, მიღების პროცესში. ისეთი გადაწყვეტილებები, როგორიცაა ვთქვათ პარლამენტში შესვლა-არშესვლა, ალიანსის საკითხები (შევიდეთ ან გამოვიდეთ)  ენმ ხელმძღვანელობა, პროექტები თუ საპარლამენტო არჩევნების ენმ-ს სიის სამართლიანად ფორმირების ეს ყბადაღებული საკითხი. სადაა ის ხალხი, 2012 წელს ენმ-ს საპარლამენტო სიებში რომ ეტენებოდნენ?

იმ სიებს, მიშას ზურგს ამოფარებულები ხან ვინ ადგენდა (არც მინდა მაგათი სახელის ხსენება) ხან ვინ! სად არიან ახლა ისინი? სწორი იყო მაშინ ეგ სისტემა? ცხადია არა და ეს უსამართლობა უნდა დასრულდეს! ნამდვილი  სახალხოობა იქნება ის, რომელზეც მიშაც საუბრობს უკვე წელზე მეტია, ნანუკამაც არაერთხელ ახსენა და რის თაობაზეც ენმ პოლიტსაბჭოსაც უკვე აქვს  ნამსჯელიც და შესაბამისი რეფორმაც ( „ენმ მართვის საფუძვლიანი რეფორმა" - „მსრ") დამტკიცებული.

სწორედ ჩვენი ხალხის - „ენმ ნამდვილი წევრების" უშუალოდ ჩართულობა პარტიის გადაწყვეტილებათა პროცესში შემოიტანს რეალურ სახალხოობას და მეტ სამართლიანობასაც. როცა „ენმ ნამდვილი წევრები" ვინც თვეში საწევროს სახით, 5 ლარს შესწირავს პარტიას (და ასეთი მჯერა, არის ათობით ათასი, თუ ასობით ათასი არა) და ენმ მართული აპლიკაციის მეშვეობით, მიიღებენ მონაწილეობას შიდა კენჭისყრებში, მოგვიტანს იმას, რაც გვჭირდება ახლა, მეტ ენთუზიაზმს, პარტიისადმი ბევრად მეტ ნდობას, ბევრად მეტ სამართლიანობას და შედეგად მეტ (ძველს, მობრუნებულ და ახალ) ხალხს ენმ-ს რიგებში.

ენმ „მსრ" მიღება რომ დაკანონდეს, ამისთვის უახლოეს ყრილობაზე, იგი უნდა ოფიციალურად შევიტანოთ ენმ-ს წესდებაში. ამას თუ მოვახერხებთ, ენმ მართლა შეძლება, გამოცოცხლდეს და მეტად სახალხო პარტიად (შესაბამისად, მეტად ეფექტიან) გარდაქმნას.
მჯერა, ეს შესაძლებელია და ამას ნანუკაც  გაიზიარებს, მაშინ ყველაფერი დალაგდება თავის ადგილზე", - აცხადებს გია ბარამიძე.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ