26.06.2026 16:41
დაიწყო მუშაობა გრძელვადიანი განვითარების განახლებულ დოკუმენტზე „თავდაცვის ძალები 2035", ტოტალური თავდაცვის მიდგომის ფარგლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა თავდაცვის ძალების შესაძლებლობების, თავდაცვის სამინისტროს ინსტიტუციური ბაზის, სამხედრო მრეწველობის, საერთაშორისო თანამშრომლობისა და უწყებათაშორის კოორდინაციის განვითარების მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც სამთავრობო პროგრამის შესრულების ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.
მთავრობის მეთაურის თქმით, გაძლიერდა კიბერუსაფრთხოების მონიტორინგის სისტემა, ქვედანაყოფები დაკომპლექტდა თანამედროვე სამედიცინო ავტოტექნიკით.
„თავდაცვაში დაიწყო მუშაობა გრძელვადიანი განვითარების განახლებულ დოკუმენტზე „თავდაცვის ძალები 2035". ტოტალური თავდაცვის მიდგომის ფარგლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა თავდაცვის ძალების შესაძლებლობების, თავდაცვის სამინისტროს ინსტიტუციური ბაზის, სამხედრო მრეწველობის, საერთაშორისო თანამშრომლობისა და უწყებათაშორის კოორდინაციის განვითარების მიმართულებით. გრძელდებოდა ჯავშანსაწინააღმდეგო შეიარაღებული სისტემების დანერგვა, მიმდინარეობდა ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენასთან დაკავშირებული კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებების ეტაპობრივი შესრულება. გრძელდებოდა დაზვერვის ქვედანაყოფების თანამედროვე სისტემებით აღჭურვა. მიმდინარეობდა არსებული საარტილერიო შესაძლებლობების მოდერნიზება. გაგრძელდა საბრძოლო-საინჟინრო შესაძლებლობების განვითარება. თავდაცვის ძალებმა მიიღო როგორც სატვირთო, ისე მსუბუქი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებები. მიმდინარეობდა უპილოტო და კონტრ უპილოტო სისტემების ინტეგრირებისა და განვითარების მასშტაბური პროექტი. მიმდინარეობდა ქვედანაყოფების აღჭურვა თანამედროვე ტაქტიკური რადიოსისტემებით. გაძლიერდა კიბერუსაფრთხოების მონიტორინგის სისტემა. ქვედანაყოფები დაკომპლექტდა თანამედროვე სამედიცინო ავტოტექნიკით.
„დელტაში" უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა ჯავშანჩაფხუტების და ჯავშანჟილეტების წარმოებისა და სამინისტროსთვის გადაცემის პროცესი. „დელტა ვებეს" მიერ გრძელდება სხვადასხვა დანიშნულების უპილოტო საფრენი სისტემების პროტოტიპების შექმნა და გამოცდა. სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა 180 სამხედრო ობიექტზე. დასრულდა სპეციალური ოპერაციების, ასევე ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობების თანამედროვე სტანდარტების ბაზების მშენებლობა. ეს არის მხოლოდ არასრული ჩამონათვალი იმ ღონისძიებებისა, რომელიც განხორციელდა თავდაცვის მიმართულებით", - განაცხადა პრემიერმა.
ავტორ(ებ)ი :