შალვა პაპუაშვილი – სუვერენიტეტის ამოსავალი წერტილია, ქვეყანამ საგარეო ურთიერთობები აწარმოოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ამას აკეთებენ სომხეთი, აზერბაიჯანი და ამას აკეთებს საქართველო 29.06.2026 14:46

ჩვენ ვაპირებთ, რომ როგორც ჩვენს რეგიონში მშვიდობის ერთ-ერთ მთავარ კერას და გამორჩეულ ქვეყანას, ყველა მეზობელთან გვქონდეს შესაბამისი ურთიერთობები ჩვენი პოზიციების გასამყარებლად, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

 

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს, როგორ შეაფასებდა ირანის დელეგაციის ვიზიტს სომხეთში იმ ფონზე, როდესაც საქართველოში ოპოზიცია ხელისუფლებას ირანთან კავშირების გამო აკრიტიკებს.

 

„ეს აჩვენებს იმ განცხადებების აბსურდულობას, რომლებსაც შიდა რადიკალები აყოლილი არიან, მაგრამ რომლებიც მოდის ჯო უილსონის მსგავსი ადამიანებისგან, ხან პროირანულს, ხან პროჩინურს და ხან რა ტერმინს რომ გამოიყენებენ ხოლმე. ვხედავთ, რომ სხვა ქვეყნების შემთხვევაში, რომლებიც იმავე რეგიონში მდებარეობენ, იმავე ზომის, იმავე გეგმების თუ საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის ქვეყნები არიან, ამ შემთხვევაში რამე პრეტენზია არ გვესმის. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს არის სრული ფარსი, რაც გვესმის ხოლმე ჯო უილსონის მსგავსი პოლიტიკოსებისგან რაღაც პროირანულობის და ასე შემდეგ დაბრალების მხრივ. ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის ამოსავალი წერტილია, რომ საგარეო ურთიერთობები მან უნდა აწარმოოს საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ამას აკეთებს სომხეთი, ამას აკეთებს აზერბაიჯანი. ყველა ქვეყანა ჩვენს რეგიონში და ამას აკეთებს საქართველო", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

მისი თქმით, საქართველო ნამდვილად არავის შეეკითხება, საკუთარ საგარეო ურთიერთობებში ეროვნული ინტერესები როგორ უნდა წამოსწიოს.

 

„ასე რომ, რა თქმა უნდა, არ ეკითხება ეს არც ჯო უილსონს და უცხოელს, საგარეო ურთიერთობაში საქართველოს თავისი რეგიონის ქვეყნებთან როგორი ურთიერთობები ექნება, ვინაიდან ვნახეთ, რომ მათ, ვინც ამ მხრივ, ასე ვთქვათ, წინდაუხედავად იქცევიან, სადამდე მიჰყავთ ხოლმე სხვადასხვა რეგიონი და, მათ შორის, ჩვენი რეგიონი. ჩვენ ვაპირებთ, რომ როგორც ჩვენს რეგიონში მშვიდობის ერთ-ერთ მთავარ კერას და გამორჩეულ ქვეყანას, სტაბილურობიდან გამომდინარე, ყველა ჩვენს მეზობელთან გვქონდეს შესაბამისი ურთიერთობები ჩვენი პოზიციების გასამყარებლად", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ