კახა კალაძე - ფიშერი არის კარგი მაგალითი იმისა, როგორი არ უნდა იყოს ელჩი 30.06.2026 15:10

დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ პეტერ ფიშერმა თავისი ქმედებებითა და განცხადებებით ქართულ საზოგადოებას დაანახა მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი.

 

როგორც კალაძემ მედიასთან აღნიშნა, ელჩობის პერიოდში პეტერ ფიშერმა ყველაფერი გააკეთა, რათა გერმანიასა და საქართველოს შორის ურთიერთობები გაეფუჭებინა.

 

„ფიშერი არის „კარგი" მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი. მან თავისი ქმედებებით და განცხადებებით დაამტკიცა ეს და აჩვენა ქართულ საზოგადოებას. ყველაფერი გააკეთა დიპლომატიური ჩარჩოების საპირისპიროდ. მისი განცხადებები, შეფასებები, ექსტრემისტული, ძალადობრივი დაჯგუფებების წახალისება და ხელშეწყობა - ეს ყველაფერი ძალიან მძიმეა და არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი.

 

მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არსებულ ურთიერთობებში, რაც იყო ჩვენს სახელმწიფოებს შორის, არათუ რაიმე პოზიტიური შეეტანა, არამედ ცდილობდა, ყველაფერი გაეფუჭებინა", - განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს ფიშერის მიერ საქართველოში დიპლომატიური მისიის დასრულების ნიშნად გამოქვეყნებულ პოსტთან დაკავშირებით.

 

კახა კალაძის თქმით, პეტერ ფიშერი არის წარმომადგენელი იმ გარე ძალებისა, რომლებიც საქართველოში აგენტურის ხელით მოქმედებენ.

 

„აგენტურაზე როდესაც ვსაუბრობთ, ქვეყნის შიგნით გვყავს კონკრეტული ადამიანები, შეიძლება იყვნენ დაჯგუფებები, კონკრეტული პოლიტიკური პარტია შეიძლება შექმნან, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ისინი არიან აგენტები და იმართებიან გარედან.


როდესაც ვსაუბრობდით გლობალური ომის პარტიაზე, „დიფ სთეითზე", არავის სჯეროდა, გახსოვთ, როგორ ქილიკობდნენ, მაგრამ როდესაც აშშ-ის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ღიად ისაუბრა ამ ყველაფრის შესახებ, მაშინ მიხვდნენ, რომ არ ვცდებოდით. რა თქმა უნდა, ეს კონკრეტული ელჩი არის წარმომადგენელი იმ გარე ძალებისა, რომლებიც ქვეყანაში, აგენტურის ხელით, ცდილობდნენ მოეწყოთ სახელმწიფო გადატრიალებები, დაპირისპირება, შეექმნათ ექსტრემისტული და ძალადობრივი ჯგუფები და მოეხდინათ რევოლუციები", - განაცხადა კალაძემ.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ