ამერიკელებს გამორჩეულად უყვართ საქართველო და მჯერა, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ამერიკელები და ქართველები ასე კარგად უგებენ ერთმანეთს, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი საერთო სწრაფვაა - ალან პერსელი 01.07.2026 21:51

 

250 წელი ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაციის გამოცხადებიდან. დღეს ამერიკის დიპლომატიურ მისიაში საზეიმო მიღება გაიმართა, სადაც მიწვეულები იყვნენ საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი, ბიზნესი, მედია და სამოქალაქო საზოგადოება. გამოსვლებში ხაზი გაესვა აშშ-სა და საქართველოს შორის არსებულ პარტნიორობას, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას და ამერიკის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ.

"ამერიკელებს გამორჩეულად უყვართ საქართველო და მჯერა, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ამერიკელები და ქართველები ასე კარგად უგებენ ერთმანეთს, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი საერთო სწრაფვაა" - განაცხადა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.

ალან პერსელმა საქართველოს პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა და საერთაშორისო მისიებში ქართველი სამხედროების ღვაწლიც გაიხსენა. სანდო დაპასუხისმგებლიან პარტნიორობაზე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც. თბილისს იმედი აქვს რომ, ბოლო წლების გამოწვევების მიუხედავად ურთიერთობები ორი ქვეყნის საერთო პრიორიტეტებითა და სტრატეგიული მიზნებით მიხედვით გადაიტვირთება.

"ჩემზე, როგორც ადამიანზე, რომელიც 28 წლის განმავლობაში წარმოადგენდა თავის ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე, განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს ის, თუ როგორ ქმნის ამერიკის დამფუძნებელი პრინციპები მსოფლიოს ხალხებთან მყარი, ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისა და პარტნიორობის საიმედო საფუძველს. ეს, ბუნებრივია, მართებულია საქართველოს შემთხვევაშიც. სამ ათწლეულზე მეტია, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა და მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობდით ქართველ ხალხთან და ქართულ ინსტიტუტებთან. ჩვენ ერთად მივაღწიეთ ხელშესახებ პროგრესს მრავალი მიმართულებით. ქართველები და ამერიკელები მხარდამხარ შრომობდნენ ორივე ქვეყნის კეთილდღეობისთვის. ბატონო პრემიერ-მინისტრო, ამის უახლესი მაგალითია გასულ კვირას ჩვენი შეხვედრა ფოთში, სადაც ოფიციალურად გამოცხადდა ახალი საზღვაო პორტის გაფართოების პროექტი, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ჩვენი პარტნიორობის განუყოფელი ნაწილია ხალხთაშორისი კავშირები, რაც წლების მანძილზე საელჩოს უპირველესი პრიორიტეტი იყო. ამერიკელებს გამორჩეულად უყვართ საქართველო, მე ამას ნამდვილად ვგრძნობ და მჯერა, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ამერიკელები და ქართველები ასე კარგად უგებენ ერთმანეთს, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი ჩვენი საერთო სწრაფვაა.

საქართველოს უნიკალური და მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა გააჩნია და მოხარული ვარ, რომ ჩვენც ვუჭერთ მხარს მისი დაცვისა და მომავალი თაობებისთვის გადაცემის ძალისხმევას.

და რაც ყველაზე მთავარია, შეერთებული შტატები ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

მადლობას გიხდით პარტნიორობისთვის. ჩვენს ერთობლივ მიღწევებში არაფერია იმაზე თვალსაჩინო, ვიდრე ის მომენტები, როდესაც საქართველოს თავდაცვის ძალები და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები მხარდამხარ ასრულებდნენ ურთულეს მისიებს საზღვარგარეთ. მათმა სიმამაცემ ჩვენი ქვეყნები კიდევ უფრო დააახლოვა. ჩვენ უდიდესი მადლიერებით ვიხსენებთ იმ ქართველ და ამერიკელ გმირებს, რომლებმაც სიცოცხლე გაიღეს ამ საერთო სამსახურში - ეს არის მსხვერპლი, რომელიც მჭიდროდ აკავშირებს ჩვენს ერებს.

დაბადების დღეს გილოცავ, ამერიკა, და გაუმარჯოს საქართველოს!"„​

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ