01.07.2026 23:47
მიმაჩნია, რომ საქართველო ნატოს წევრი სახელმწიფო არასოდეს გახდება. ვერასოდეს, რადგან რუსეთი ომს დაიწყებს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE" კოლუმბიის უნივერსიტეტის მდგრადი განვითარების ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა, ჯეფრი საქსმა. მან უპასუხა კითხვას - აქვს თუ არა საქართველოს შანსი გახდეს ნატოს წევრი და თუ არა, რა მიგაჩნიათ ალტერნატივად?
მისი თქმით, საქართველო მოქცეულია რუსეთის უსაფრთხოების სფეროში, რუსეთს კი საკუთარ საზღვართან აშშ-ის სიახლოვე არ სურს.
„მე არ ვეთანხმები საკმაოდ პოპულარულ გამოთქმას, ეს საქართველოში გსმენიათ, რომ ყველა სახელმწიფოს შეუძლია აირჩიოს რა სურს. ეს არასწორია ვინაიდან, მაგალითად კუბამ 1962 წელს გადაწყვიტა საბჭოთა კავშირთან დაახლოება. კუბაში აცხადებდნენ, რომ იყვნენ სუვერენულნი, რომ სურდათ ატომური შეიარაღება. ამერიკის შეერთებულ შტატებში არავის უთქვამს, რომ რა ვქნათ, ეს კუბას გადაწყვეტილებაა და მოხარულნი ვართო. პირიქით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ყველას დახოცავდა, რომ ბლოკადაში მოაქცევდა კუბას, რომ ომისთვის მზად იყვნენ, მათ შორის მესამე მსოფლიო ომისთვის - შანსი არ არის რომ დავუშვებთ თქვენი რაკეტების ჩვენს სიახლოვეს განთავსებასო. რუსეთი იმავეს აცხადებს ახლა, რომ შანსი არ არის ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაკავშირებული ალიანსი სამხრეთ კავკასიაში ან უკრაინაში იყოს. ეს ცხოვრებისეული მოცემულობაა. საქართველოში ეს შეიძლება ბევრს არ მოსწონს, მაგრამ თქვენი მეზობელი სუპერსახელმწიფოა, ასეთია ფაქტი. მე ხშირად ვიმეორებ ჩემს ერთ-ერთ მოსაზრებას, და ეს იდეა ძალიან მომწონს, მე მას ვუწოდებ უსაფრთხოების სფეროს. არა გავლენის სფერო, არამედ უსაფრთხოების სფეროს. გავლენის სფეროები ძველი შეხედულებაა, რომ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროა, მე ამის არ მჯერა. მსურს, რომ საქართველო იყოს სუვერენული ქვეყანა, რომ საქართველომ თავად გააკეთოს არჩევანი ეკონომიკური, საზოგადოებრივი თვალსაზრისით, ხელისუფლება თავად აირჩიოს, ეს მსურს. რუსეთს არავინ ეკითხება ამასთან დაკავშირებით. ამავე დროს, მიმაჩნია, რომ საქართველო მოქცეულია რუსეთის უსაფრთხოების სფეროში, ეს კი კონკრეტულ მოცემულობას ნიშნავს. კერძოდ კი იმას, რომ საქართველომ მეორე სუპერსახელმწიფო არ უნდა მოიწვიოს ქვეყანაში, ამას რუსეთში საფრთხედ ჩათვლიან. რუსეთს ლეგიტიმური, ეროვნული უსაფრთხოების ინტერესი გააჩნია, არ სურთ ამერიკის შეერთებული შტატები საკუთარ საზღვართან. მე ხომ ვიცნობ საკუთარ ქვეყანას, ამერიკის შეერთებული შტატები არ არის უბრალოდ კეთილი და მშვიდობისმოყვარე სახელმწიფო. ჩემი სამშობლო, მე ვგულისხმობ ამერიკელ ლიდერებს, მათ მსოფლიოს მართვა სურთ. მათ სურთ რუსეთს ზიანი მიაყენონ. მე ამ მიდგომას არ ვეთანხმები, ამავე დროს გეტყვით, რომ რუსეთს არ სურს, რომ ზიანი მიადგეს. გამომდინარე აქედან, საქართველოს დიდი სიფრთხილე მართებს, ძალიან დიდი სიფრთხილე! უკრაინა არ მოიქცა ფრთხილად, უკრაინა ძალიან დელიკატური, რთული საკითხია. მე მესმის რაც მოხდა. 30 წელია თვალს ვადევნებ ყველაფერს. ამერიკის შეერთებულ შტატებს უკრაინის ნატოში გაწევრიანება სურდა, ვაშინგტონი ამას ცდილობდა არამარტო 2008 წელს, არამედ უკვე 90-იანი წლებიდან, და რატომ? ამერიკის შეერთებულ შტატებს უკრაინა არ ადარდებს, ვაშინგტონს მხოლოდ მოსკოვის დასუსტება აინტერესებს. ჩვენმა ერთ-ერთმა წამყვანმა სტრატეგოსმა, ზბიგნევ ბზეჟინსკიმ ამას გეოპოლიტიკური ღერძი უწოდა, ის გულისხმობდა, რომ უკრაინა საინტერესოა მხოლოდ როგორც რუსეთის დასუსტების შესაძლებლობა. რუსები ხომ სულელები არ არიან, მათ კარგად იცოდნენ ეს რას ემსახურებოდა, ეუბნებოდნენ ამერიკულ მხარეს, რომ თავი შორს დაეჭირათ. უკრაინის მოსახლეობა ნატოში გაწევრიანებას მხარს არ უჭერდა 2014 წლამდე, მათ ეს არ სურდათ, მაგრამ ეს სურდა ამერიკის შეერთებულ შტატებს, სწორედ ამიტომ სურდათ უკრაინის ხელისუფლების ჩამოგდება 2014 წელს. ამერიკულმა მხარემ მონაწილეობა მიიღო მაიდნის გადატრიალებაში, მე ეს კარგად ვიცი. ჩემი კოლეგა, კოლუმბიის უნივერსიტეტში ვიქტორია ნულანდია, ადამიანი რომელიც პირდაპირ, აქტიურად მონაწილეობდა უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაში 2014 წლის თებერვალში. ის არაა ჩემი საყვარელი კოლეგა და დარწმუნებული ვარ, რომ არც ის გიჟდება ჩემზე. ეს გახლდათ ამერიკის შეერთებული შტატების თამაში, უკრაინისთვის კი ეს ტრაგედიაა. კიდევ ერთი ჩემი კოლეგა, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი, ჯონ მერშჰაიმერი ამბობს - ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინა განადგურების გზას გაუყენა. უკრაინას შესანიშნავი ზღაპრები მოუთხრეს, რომ ნატოში უსაფრთხოდ იქნებოდნენ, რომ სამუდამო ბედნიერება ელოდათ, რომ გამდიდრდებოდნენ, რომ ყველას ეყვარება უკრაინა, სინამდვილეში კი უკრაინას პირდაპირ ომში ამოაყოფინეს თავი! ომში, რომელიც დღემდე არ დასრულებულა. მე არ მსურს საქართველო ომში ვიხილო! მინდა საქართველო იყოს უსაფრთხოდ, მინდა რომ საქართველო ფრთხილად მოიქცეს", - განაცხადა საქსმა.
ავტორ(ებ)ი :