10.12.2020 19:59
საქმე გვაქვს ცუდ ჟონგლიორობასთან და სხვადასხვა სამართლებრივი ნორმებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანასთან, - ასე აფასებს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით “ქართული ოცნების“ ინიციატივებს. ხმალაძის განცხადებით, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო ივაჟკაცებს, დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები, რაზეც “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ისაუბრა, გაუქმდება. როგორც ხმალაძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ განმარტა, “ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პარტიის აკრძალვის კონსტიტუციური საფუძველი არ არსებობს, მაგრამ პარტიისათვის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმება თავისი არსით სწორედ პარტიის აკრძალვის და გაუქმების ტოლფასია. ხმალაძის თქმით, პარტიის უმთავრესი დანიშნულება არჩევნებში მონაწილეობა და ამომრჩეველთა მხარდაჭერის მოპოვებაა, რათა პარტიამ ხელისუფლება მოიპოვოს.
“რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობას, უნდათ ამის აკრძალვა? - კანონში პირდაპირ წერია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა ეკრძალება. შემოიღონ სანქცია იმ პირის მიმართ, რომელიც ამ აკრძალვას არღვევს!“ , - განაცხადა ხმალაძემ.
მისივე თქმით, “უწესოდ თამაშია“ პარტიის დაფინანსების იმ მოტივით გაუქმება, რომ ის პარლამენტში არ შედის. ხმალაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს ორი ერთმანეთთან კავშირში არ არის.
“პარლამენტში შესვლა დაფინანსების მიღებასთან კავშირში რომ არ არის, ეს იმითაც დასტურდება, რომ პარტიათა დაფინანსების ზღურბლი მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე პარლამენტში შესვლის ზღურბლი. პარტიების დაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან იმიტომ ხდება, რომ პარტიები ცალკეულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე არ აღმოჩნდნენ დამოკიდებული, რაც პარლამენტის წევრობასთან კავშირში არ არის. ეს მოქმედებაც არაკონსტიტუციურია“, - განმარტა ვახტანგ ხმალაძემ.
რაც შეეხება 31 ოქტომბრის არჩევნების გამოკვლევის მიზნით დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას, ხმალაძის თქმით, თუკი პარლამენტში ოპოზიცია არ შევა, ასეთი კომისია ვერ შეიქმნება. მისივე შეფასებით, მმართველი გუნდის რეალური მიზანია არა საგამოძიებო კომისიის შექმნა და მართლა რაღაცის გარკვევა, არამედ თვალში ნაცრის შეყრა.
“თუ ასე არ არის, მაშინ სიბრიყვეა ამ ინიციატივის იმ სიტყვებით თქმა, როგორც ეს გუშინ ითქვა. ორიდან ერთია - ან თაღლითობაა ან სიბრიყვე. არც ერთი ვარგა და არც მეორე. უნდა განისაზღვროს, რა უნდა შეამოწმოს დროებითმა საგამოძიებო კომისიამ და რამდენი უნდა შეამოწმოს? 4 ათასამდე საარჩევნო უბანია და ერთი დღის განმავლობაში საპარლამენტო კომისიამ რამდენი უბანი შეიძლება გადათვალოს? დღეში ორ უბანზე მეტს ვერ დათვლიან და თუ ყველა უბანი უნდა გადათვალონ, ამას 2 000 დღე , ანუ ექვსი წელი დასჭირდება. ცხადია, უაზრობაა. თუ შემოწმდება ის საარჩევნო უბნები, სადაც საჩივარი დაიწერა ან ამ უბნებიდან შემთხვევითი შერჩევით რამდენიმე უბანი შემოწმდება, მაშინ ამას აზრი ექნება“, - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge