21.05.2026 22:08
საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი თურქეთის რეპუბლიკაში თურქი კოლეგის, იაშარ გიულერის მიწვევით იმყოფება.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, იზმირში ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ჩიქოვანი მრავალეროვნული სამხედრო წვრთნების, „EFES-2026" საჩვენებელ სწავლებას დოგანბეის საწვრთნელ პოლიგონზე დაესწრო, რომელშიც ქართველი სამხედრო მოსამსახურეები როგორც საშტაბო, ისე საველე წვრთნებში მონაწილეობდნენ. „საპატიო დამკვირვებლის დღეს" დაესწრნენ: თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, თურქეთის თავდაცვის მინისტრი იაშარ გიულერი, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი, გენერალ-პოლკოვნიკი ზაქირ ჰასანოვი, ასევე სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის სამხედრო და პოლიტიკური წარმომადგენლები. საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად, დელეგაციაში არიან საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი და მისი მოადგილე - გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე.
მრავალეროვნული სამხედრო წვრთნების, „EFES-2026" პარალელურად, მინისტრებმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს. თავდაცვის უწყების ცნობით, საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. ირაკლი ჩიქოვანმა თურქ კოლეგას მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა თავდაცვის სფეროში ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა. მინისტრმა სტრატეგიულ პარტნიორს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. საუბარი შეეხო უსაფრთხოების გამოწვევებსა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს თავდაცვის სფეროში ორმხრივი და სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატებზე, რომელიც სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს: მაღალი დონის ვიზიტებს, ერთობლივ სწავლებებს, სასწავლო კურსებს, ექსპერტთა დონის კონსულტაციებსა და სხვა.
„EFES-2026" თურქეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი მასშტაბური და სტრატეგიული მნიშვნელობის მრავალეროვნული სწავლებაა, რომელშიც 50-მდე ქვეყანა მონაწილეობს. საქართველოს თავდაცვის ძალებმა მრავალეროვნულ სწავლებაში მეოთხედ მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის წევრები სწავლების ფარგლებში ორგანიზებულ თავდაცვის ინდუსტრიის გამოფენასაც დაესწრნენ და თავდაცვის მრეწველობის ცნობილი თურქული კომპანიების მიერ წარმოებულ პროდუქციას გაეცნენ.
ავტორ(ებ)ი :