ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა პროკურატურას მიმართა- ქონება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მიერ იქნა მიტაცებული, დაყადაღდეს და შემდეგ ტექნიკურ უნივერსიტეტს დაუბრუნდეს 17.10.2025 13:19

ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემ პროკურატურას განცხადებით მიმართა, რომ ქონება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მიერ იქნა მიტაცებული, დაყადაღდეს და შემდეგ ტექნიკურ უნივერსიტეტს დაუბრუნდეს.


მისივე თქმით, ქონება რომ არ გასხვისდეს და მესამე პირზე არ გადაფორმდეს, საჭიროა სასწრაფოდ დაყადაღება.


„მოგეხსენებათ, ტექნიკურ უნივერსიტეტში ისტორიულად სერიოზული, სამართლებრივი სკოლა გვაქვს. ჩვენმა სპეციალისტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა, სამართლისა და აუდიტის სამსახურებმა ძალიან დიდი შრომა გასწიეს და არის ეჭვი, რომ იქ სავარაუდოდ სისხლის სამართლის დანაშაულია. ამიტომ, ჩვენმა უნივერსიტეტმა, პირადად მე, უნივერსიტეტის კანცლერმა, კოლეგიალურმა ორგანოებმა, აკადემიურმა საბჭომ, წარმომადგენელთა საბჭომ ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ მიგვემართა პროკურატურისთვის.


აღნიშნული საკითხი მრავალი წელიწადია, შესწავლის საგანია უნივერსიტეტისთვის. ძალიან რთული იყო ამ დოკუმენტების მოძიება, მაგრამ უნივერსიტეტის თანამშრომლებმა დიდი შრომა გასწიეს. არაერთი მასალაა, როგორც ელექტრონული, ასევე 108 ფურცელზეა ფიზიკური მასალა, სადაც მრავალი დოკუმენტია. ეს უკვე ხდება გენერალური პროკურატურის მოკვლევის საგანი. ისინი უფრო მარტივად მოიკვლევენ ამ საბუთებს, ბევრი საბუთი დაკარგული იყო. ვფიქრობთ, პროკურატურამ უნდა მოიძიოს მასალები და მიიღოს გადაწყვეტილება", - განაცხადა გურგენიძემ.


ამასთან, მისივე თქმით, „ფაქტია, რომ ომის დროს სააკაშვილმა სახელმწიფო ქონება დედას სიმბოლურ ფასად გადასცა".


„ამას გამოძიება დაადგენს. არა მარტო ომის დროს, დაახლოებით 2-3 წელი მიმდინარეობდა ამ ქონების არაკანონიერი დატაცება. მრავალი კორპუსი სხვადასხვა ეტაპზეა შესყიდული. ზოგში გადახდილი ერთი ლარი, ზოგი სულ სხვანაირად არის წაღებული. მე ვერ ვისაუბრებ ვარაუდებზე.


ვითხოვთ, ეს ქონება იყოს აუცილებლად დაყადაღებული და დაბრუნებული ტექნიკური უნივერსიტეტისთვის. ასევე ვითხოვთ, ის მიუღებელი მოგება, რომელიც უნივერსიტეტმა მრავალი წლის განმავლობაში არ მიიღო, დაინიშნოს ექსპერტიზა, იყოს გამოკვლეული და დაუბრუნდეს ახალგაზრდებს, პროფესორ-მასწავლებლებს. ზიანი უნდა დადგინდეს. ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, რა ზიანზეა საუბარი. ეს ქონება რომ არ გასხვისდეს და მესამე პირზე არ გადაფორმდეს, ამიტომ ვითხოვთ სასწრაფოდ დაყადაღებას", - განაცხადა დავით გურგენიძემ. 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ