25.10.2025 00:12
„დოიჩე ველეს“ ცნობით, გერმანიიდან საქართველოში 48 ადამიანის დეპორტაცია განხორციელდა, რომელთა შორის იყვნენ 2019 წელს ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ნათესავებიც.
როგორც „დოიჩე ველე“ წერს, 23 ოქტომბერს ბრანდერბურგის მიწაზე მდებარე ქალაქ ვიუნსდორფის პოლიცია 2019 წელს გერმანიაში მოკლული საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის ძმის სახლში მივიდა, რის შემდეგაც ის და ხანგოშვილის სხვა ნათესავები ბერლინის აეროპორტში გადაიყვანეს, საიდანაც მათი საქართველოში დეპორტაცია განხორციელდა.
გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ შესრულდა ჩარტერული რეისი თბილისის მიმართულებით და თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 48 ადამიანი, რომლებიც გერმანიიდან დეპორტაციას ექვემდებარებოდნენ. ამასთან, უწყებაში უარი თქვეს კონკრეტული პირების დეპორტაციის შესახებ კომენტარის გაკეთებაზე.
როგორც გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გერმანიის მმართველი კოალიციის შესახებ შეთანხმებაში არის პუნქტი, რომელიც დეპორტაციების რაოდენობის გაზრდას ეხება.
„დეპორტაციების ორგანიზებაზე პასუხისმგებელი არიან ფედერალური მიწები. ფედერალური მთავრობა მათ ამაში ინტენსიურად ეხმარება. დეპორტაციების რიცხვი ბოლო პერიოდში გაიზარდა. ეს არის ჩვენი პირველი წარმატებები”, – განაცხადეს გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროში.
ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წელს ბერლინში მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებული რუსეთის მოქალაქე ვადიმ კრასიკოვს ბერლინის სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა. გერმანიის პროკურატურაში განაცხადეს, რომ მკვლელობა რუსეთის სახელმწიფოს დაკვეთით იყო ჩადენილი. 2024 წლის აგვისტოში კრასიკოვი, რუსეთთან პატიმრების გაცვლის დროს, მოსკოვს გადასცეს.
ავტორ(ებ)ი :