27.10.2025 17:14
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, ალექსი ახვლედიანის განცხადებით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საქართველოში უახლოეს დღეებში ჩამოვა. აღნიშნულის შესახებ ახვლედიანმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.
"მე ვინარჩუნებ ჩემს პოზიციას, ნამდვილად არ ვგრძნობ თავს დამნაშავედ. ვნახოთ, სასამართლო დაადგენს ყველაფერს, - ამის შესახებ ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვაში ბრალდებულმა, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილმა დირექტორმა, ალექსი ახვლედიანმა სასამართლო სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, უახლოეს დღეებში თვითონ თორნიკე რიჟვაძე გეგმავს განცხადების გაკეთებას.
„როგორც ვიცი, უახლოეს დღეებში თვითონ თორნიკე გააკეთებს განცხადებას და უპასუხებს თითოეულ შეკითხვას. მასთან დაკავშირებით მე ვერაფერს გეტყვით, რადგან მაქვს ინფორმაცია, რომ უშუალოდ თორნიკე აპირებს, უპასუხოს კითხვებს. ალბათ ინტერვიუს მისცემს. ის ბრუნდება საქართველოში, არ აპირებდა არასდროს ქვეყნის დატოვებას, იცით, რა მიზეზითაც დატოვა ქვეყანა. უახლოეს პერიოდში დაბრუნდება და თვითონ გასცემს პასუხს ყველა კითხვას", - განაცხადა ახვლედიანმა.
კითხვაზე, როგორც რიჟვაძის მეგობარს, ხომ არ აქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მასაც სთხოვდნენ ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას, ახვლედიანმა უპასუხა, რომ „მსგავსი ინფორმაცია არ გააჩნია".
კითხვაზე, უსაუბრია თუ არა მას ამ თემაზე მეგობართან, ან იცოდა თუ არა კორუფციის გარშემო დაწყებული გამოძიებების შესახებ რიჟვაძემ, ახვლედიანმა უარყოფითი პასუხი გასცა.
„მაშინ არანაირი გამოძიება დაწყებული არ იყო და როგორც ვიცი, დღემდე არც თორნიკეს მიმართ არ არის არანაირი კითხვები და არანაირი გამოძიება არაა დაწყებული", - განაცხადა ახვლედიანმა.
მისივე თქმით, რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესია.
კითხვაზე, კორუფციის საქმეებზე ხომ არ აპირებს ჩვენების მიცემას, ახვლედიანმა უპასუხა, რომ „მას არ აქვს ინფორმაცია, რომ რიჟვაძესთან კორუფციასთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდა ან აქვს ვინმეს".
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს. ცალკე გამოყოფილია ალექსი ახვლედიანის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე, ვინაიდან სწორედ მისი ცეცხლსასროლი იარაღიდან მოხდა გასროლა.
ალექსი ახვლედიანს პროკურატურამ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით წარუდგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ალექსი ახვლედიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.
ავტორ(ებ)ი :