მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, თითოეულს აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონი ლარის გირაო შეუფარდა 08.11.2025 01:07

სასამართლომ საბოტაჟის საქმეზე „ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, თითოეულს, აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონი ლარის გირაო შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა ცოტა ხნის წინ მიიღო. ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბრალდების მხარის განმარტებით, აღნიშნული გირაო მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის პრევენციას უზრუნველყოფს.

ბრალდებულებს გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განესაზღვრათ. სასამართლო პროცესს ესწრებოდა ბადრი ჯაფარიძე.

ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის ადვოკატები აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ.

დღესვე სასამართლომ იმსჯელა მიხეილ სააკაშვილის, ელენე ხოშტარიას, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას და ზურაბ ჯაფარიძის წინასასამართლო სხდომის თარიღზეც. აღნიშნულ საქმეზე პროცესი 25 დეკემბერს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ ახალი სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს - საბოტაჟს, უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებას და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ