26.11.2025 15:44
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ნიკანორ მელია სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მიმდინარე წლის 30 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზში გამართულ წინასასამართლო სხდომაზე, ბრალდებულმა ნიკანორ მელიამ ჩაიდინა სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა საქმის განმხილველი მოსამართლის შეურაცხყოფით. კერძოდ, ნიკანორ მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა, სხდომის დარბაზიდან გაძევების შემდგომ კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ნიკანორ მელიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკანორ მელია სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
ავტორ(ებ)ი :