გოგა ხაინდრავა ტელეკომპანია "ფორმულას" უჩივის 29.12.2025 15:01

კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას ტელეკომპანია „ფორმულას" წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეაქვს.

საუბარია „შაბათის ფორმულას" ეთერში გასულ სიუჟეტზე,  სადაც, ხაინდრავას განმარტებით, ყველა სიტყვა სიცრუესა და უსაფუძვლო ბრალდებებზე იყო დაფუძნებული.

ასევე, გოგა ხაინდრავას განცხადებით, დააფუძნებს ფონდს, რომელიც ხელს შეუწყობს „მედიაფაშიზმის მიერ დაზარალებული მოქალაქეების იურიდიული უფლებების აღდგენას".

გოგა ხაინდრავას განცხადებით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, უახლოეს პერიოდში პარლამენტს მიმართავს ინიციატივით, კანონმდებლობაში ჩაიწეროს ისეთი მუხლი, რომელიც მედიის მხრიდან დეზინფორმაციისა და ცილისწამების გავრცელებაზე რეაგირებას მოახდენს.

„21 დეკემბერს „შაბათის ფორმულაში" გავიდა სიუჟეტი ჩემზე და ჩემს ოჯახზე, სადაც პირველი სიტყვიდან ბოლო სიტყვამდე, აბსოლუტურად ყველაფერი იყო სიცრუე. თექვსმეტი ცილისმწამებლური განცხადება იყო სიუჟეტში ჩემ მიმართ, ჩემი ოჯახის და ჩემი საქმიანობის მიმართ. იყო გაცხადებული იმის შესახებ, რომ მე, როგორც „ქართული ოცნების" მყარმა და ჩაბეტონებულმა პროპაგანდისტმა, „ქართული ოცნებისგან" საჩუქრად მივიღე მიწის ნაკვეთები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ახალშენში. რეალური სურათი შემდეგია - როდესაც ჩვენ, ჩვენმა კომპანიამ ეს ნაკვეთები შევიძინეთ, ის ადამიანი, ვინც სიუჟეტი გააკეთა, მაშინ დაბადებული არ იყო. 35 წლის წინ მოხდა ეს ამბავი.

ყველა სიტყვა, რომელიც არის ტრამპის საჩივარში, ანუ - ცრუ, ცილისმწამებლური, შეცდომაში შემყვანი, ღირსების განზრახ შემლახავი, მაპროვოცირებელი, ბოროტგანზრახული წარმოჩენის გამო - ეს ყველაფერი იყო განხორციელებული ჩემ მიმართ. შებღალული ჩემი ღირსება, ჩემი ოჯახის და ჩემი საქმიანი რეპუტაციის შელახვის მცდელობა.

აუცილებლად შევიტანთ სარჩელს სასამართლოში, სადაც მოვითხოვ ყველა ტყუილზე თითო მილიონის გადახდას. მთელ ამ ფულს შევიტან ფონდში, რომელიც უნდა დავაარსო და დღეს ოფიციალურად ვაცხადებ, რომ დაარსდება ფონდი, რომელიც ხელს შეუწყობს მედიატერორისა და მედიაფაშიზმის მიერ დაზარალებულ მოქალაქეებს, მათი იურიდიული უფლებების აღდგენას. დავაყენებთ საკითხს, რომ საქართველოს კანონმდებლობაში იყოს შეტანილი მუხლი, რომლითაც გარანტირებული იქნება ცილისწამებისგან მოქალაქის დაცვა", - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ