31.12.2025 17:10
4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ ევა შაშიაშვილს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეეცვალა. ევა შაშიაშვილს სასამართლომ 5 000-ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა.
აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. როგორც ცნობილია, სახელმწიფო ბრალდებას თავად დაცვის მხარემ მიაწოდა ევა შაშიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, რის შემდეგაც პროკურატურამ პატიმრობის მოთხოვნა გირაოს მოთხოვნით შეცვალა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ევა შაშიაშვილი დისტანციურად ჩაერთო. ის რუსთავის ქალთა პენიტენციურ დაწესებულებას შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ დატოვებს.
ევა შაშიაშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) აქვს ბრალი წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ევა შაშიაშვილი ბრალს აღიარებს.
ავტორ(ებ)ი :