შსს-მ მარნეულში მკვლელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი 07.01.2026 19:40

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლისა და თურქეთის რესპუბლიკის ართვინის პროვინციის პოლიციის დეპარტამენტამენტების თანამშრომლებმა, ჩატარებული ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 2002 წელს დაბადებული პირი სასაზღვრო სექტორ „კარწახის" ტერიტორიაზე დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს შსს ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულში მდებარე ერთ-ერთ ოქროულობის მაღაზიაში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა მამა-შვილი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილები სამედიცინო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ერთ-ერთი მათგანი მიყენებული ჭრილობის შედეგად  გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დამნაშავის ვინაობა მალევე დაადგინეს და მის მიმართ კანონით განსაზღვრული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები გატარდა.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც  20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მადლობას ვუხდით თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე საბაჟო და საგარეო ვაჭრობის სამსახურის წარმომადგენლებს ოპერატიული თანამშრომლობისთვის. ქართულ მხარეს თურქეთის სამართალდამცავ ორგანოებთან დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში მჭიდრო და ნაყოფიერი პარტნიორობა აკავშირებს. აღნიშნული  თანამშრომლობის ფარგლებში, მათთან კოორდინაციით, გახსნილია არაერთი, მათ შორის მძიმე კატეგორიის დანაშაული", - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ