გიგა ავალიანის ოჯახის წევრები და ახლობლები საქართველოს პროკურატურასთან აქციას მართავენ 08.01.2026 17:47

გარდაცვლილი გიგა ავალიანის ოჯახის წევრები, უფლებადამცველები და მათი მხარდამჭერები საქართველოს პროკურატურასთან აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები საქართველოს გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძის გადადგომას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ „გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ეფექტური გამოძიება უნდა ჩატარდეს".

ამასთან, როგორც ადვოკატმა, ზაზა ხატიაშვილმა განაცხადა, გიგა ავალიანის ოჯახის წევრებს სისხლის სამართლის საქმის მასალებს არ აჩვენებენ. მისივე თქმით, თუ გენერალური პროკურორი არ გადადგება, 17 იანვარს გიგა ავალიანის დედა შიმშილობას დაიწყებს.

„მოვითხოვთ, საქმეზე ჩატარდეს ეფექტიანი გამოძიება და ყველა დამნაშავე დაჯდეს საბრალდებო სკამზე. პროკურატურას მივეცით ვადა, რომ ეფექტიანი გამოძიება ჩატარდეს. დღეს დაზარალებულ ეკა კუპატაძესთან ერთად ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ვითხოვთ გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძის გადადგომას", - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

ამასთან, აქციაზე გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ განაცხადა, რომ ბოლომდე იბრძოლებს. როგორც აქციაზე ითქვა, 27 დეკემბერს საქმის პროკურორის, მიხეილ კუპრაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება მოითხოვეს, რის საპასუხოდაც დღევანდელ სასამართლო სხდომაზე პროკურატურამ სწორედ ეს პროკურორი გამოუშვა.

„ის, რომ მიხეილ კუპრაშვილი იყო დღეს სასამართლო პროცესზე, ჩემთვის მართლაც სახეში შეფურთხებაა", - აღნიშნა ეკა კუპატაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ 7 იანვარს გაავრცელა განცხადება, რომ კიდევ ერთხელ გამოთქვამენ მზაობას, ნებისმიერ დროს შეხვდნენ გარდაცვლილი გიგა ავალიანის ოჯახის წევრებს.

პროკურატურის ინფორმაციით, გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული და ბრალდებულია ოთხი არასრულწლოვანი. მათ შორის ერთს ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა), ხოლო სამს 376-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის. ასევე, უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ცალკე წარმოებად გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ