03.02.2026 21:51
აშშ-ის სენატორმა, ჩაკ გრასლიმ სამშაბათს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მოსმენის წინ, რომელიც ბანკების მიერ ჰოლოკოსტის ხელშეწყობის საკითხს ეხება, განაცხადა, რომ გამოძიებამ შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ში ნაცისტებთან შესაძლო კავშირის მქონე 890 ანგარიში გამოავლინა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
მათ შორის აღმოჩნდა მანამდე უცნობი ომისდროინდელი ანგარიშები, რომლებიც ეკუთვნოდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, გერმანულ იარაღის მწარმოებელ კომპანიასა და გერმანიის წითელ ჯვარს - დასძინა კანონმდებელმა, რომელიც კომიტეტს თავმჯდომარეობს და წლებია თვალს ადევნებს Credit Suisse-ის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებას.
ბანკმა UBS-მა, რომელმაც Credit Suisse 2023 წელს საგანგებო შესყიდვის გზით შეიძინა, გასულ წელს განაცხადა, რომ აშშ-ის ყოფილ პროკურორ ნილ ბაროფსკისთან ერთად მუშაობდა, რათა ნათელი მოეფინა მისი ყოფილი კონკურენტის მიერ ნაცისტებთან დაკავშირებული ანგარიშების ფლობის ფაქტისთვის.
როგორც ბანკმა სენატის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ჩვენების მიცემამდე გამოქვეყნებულ წინასწარ განცხადებაში აღნიშნა, UBS-მაც და Credit Suisse-მაც მოიხადეს ბოდიში და 1999 წელს მიაღწიეს გლობალურ შეთანხმებას, რამაც წერტილი დაუსვა სასამართლო დავებსა და ამ საკამათო საკითხს; ამასთან, ბანკმა მიმდინარე გამოძიება ნებაყოფლობით ინიციატივად დაახასიათა.
ჩაკ გრასლიმ დოკუმენტებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ შემოწმებამ გამოავლინა მტკიცებულებები, რომელთა თანახმადაც Credit Suisse-ის საბანკო ურთიერთობები ნაცისტების გასამხედროებულ ორგანიზაცია SS-თან გაცილებით მასშტაბური იყო, ვიდრე აქამდე იყო ცნობილი; კერძოდ, ბანკში ანგარიში ჰქონდა გახსნილი SS-ის ეკონომიკურ ფრთას.
გრასლიმ ასევე დასძინა, რომ გამოიკვეთა ახალი დეტალები იმ სქემის შესახებ, რომელიც ნაცისტებს არგენტინაში გაქცევაში ეხმარებოდა.
ავტორ(ებ)ი :