17.02.2026 13:42
მეორე დღესვე ეს სახელები და გვარები გაჟღერებული იყო ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეში, მაგრამ რატომღაც 5 წელი მოანდომა საქართველოს პროკურატურამ ამის დამტკიცებას, - ამის შესახებ ნიკო კვარაცხელიას დედამ, იზა ომაძემ განაცხადა.
როგორც ომიაძემ აღნიშნა, ერთ-ერთი ბრალდებულის, ბესარიონ ჟვანიას დედა, ნინო ჟვანია დაჰპირდა, რომ საქმეში თავისი შვილის მონაწილეობის შემთხვევაში მას პროკურატურას ჩააბარებდა.
„მკვლელობის მეორე დღესვე ეს სახელები და გვარები გაჟღერებული იყო ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეში, მაგრამ რატომღაც 5 წელი მოანდომა საქართველოს პროკურატურამ ამის დამტკიცებას. იყო მასალები, სატელეფონო ზარები, მესიჯები, სადაც მათი თანამონაწილეობა იკვეთებოდა. მე წარმოდგენაც არ შემეძლო, რომ ამ ახალგაზრდებს რაღაცნაირად შეიძლებოდა, შეხება ჰქონოდათ ამ ყველაფერთან. თუმცა პროკურატურამ ფაქტები და არგუმენტები დაგვიდო, რომ ეს ახალგაზრდები უშუალოდ ყოფილან მკვლელობის დამგეგმავები და არსებული მკვლელობა გახსნილად გამოცხადდა.
გარკვეულ დონემდე ეს მკვლელობა გაიხსნა, მაგრამ მე არ გავჩერდები და აუცილებლად არგუმენტირებულად, მასალებით გავაჟღერებ სახელებს და გვარებს, ვის შეიძლება, შეეკვეთა ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა. მე ნინო ჟვანიასთან დაკავშირებით ძალიან ვწუხვარ, დედისთვის ალბათ ძალიან ძნელია და ვუთანგრძნობ. ძნელია, როდესაც შენს შვილს ასეთი მკვლელობა დაუმტკიცეს. მე ნინო ჟვანია დამპირდა, რომ თუ მისი შვილი ამ მკვლელობის ფიგურანტი იქნებოდა, ის აუცილებლად ჩააბარებდა პროკურატურას. დაველოდოთ ახლა ქალბატონ ნინოს", - განაცხადა ომაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, აფარებდნენ ხელს თუ არა მაღალჩინოსნები ვინმეს, ომიაძემ აღნიშნა, რომ, მისი აზრით, მაღალჩინოსნები მკვლელობის დაგეგმვაში არიან გარეულები.
„მაღალჩინოსნების გარეშე არ ხდება, რა ინტერესი უნდა ყოფილიყო, რომ საქმე აქამდე არ გამოძიებულიყო? აუცილებლად არიან მაღალჩინოსნები გარეულები, მარტო მფარველობაში კი არა, ვფიქრობ, ამ მკვლელობის დაგეგმვაშიც არიან", - აღნიშნა ომიძემ.
საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების სისხლის სამართლის საქმე გახსნილია. როგორც უწყებაში აცხადებენ, საქმეზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდება წარედგინებათ.
ავტორ(ებ)ი :