დავითაშვილი ანტიკორუფციულ სააგენტოში იყო გამოკითხვაზე კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე და არა შეხვედრაზე, აქ საკითხები რომ განეხილა-სუსი 17.02.2026 21:09

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოკითხვის შემდეგ ლევან დავითაშვილის მიერ მედიასთან გაკეთებულ კომენტარს ეხმაურება.

 

სუს-ში აცხადებენ, რომ ლევან დავითაშვილის მიერ მიცემულ ინტერვიუში ორი არსებითი უზუსტობაა.

 

„სუს-ის დატოვების შემდეგ ლევან დავითაშვილის მიერ მიცემულ ინტერვიუში ორი არსებითი უზუსტობაა: 1. დავითაშვილი ანტიკორუფციულ სააგენტოში იყო გამოკითხვაზე კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე და არა შეხვედრაზე, აქ საკითხები რომ განეხილა. 2. გამოკითხვისას რისკებთან დაკავშირებული კითხვა საქართველოს გაზმომარაგებას და დადებული ხელშეკრულებით საქართველოსთვის პირობების გაუარესებას ეხებოდა, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება და არა ევროკავშირის გაზმომარაგებას - ამ კუთხით რისკებზე გამოკითხვაში ერთი სიტყვაც კი არ არის ნათქვამი. თუ კიდევ იქნება მსგავსი ინტერპრეტაცია, ცრუ ინფორმაცია ან სპეკულაცია აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ (გამოკითხული პირის თანხმობით) გამოკითხვის ოქმიც გავასაჯაროოთ", - აცხადებენ სუს-ში.

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი ლევან დავითაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს გამოიკითხა. სუს-ის შენობის დატოვების შემდეგ დავითაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა: „ჩვენ განვიხილეთ საქართველოს გაზის მომარაგების საკითხი. ალბათ იცით, რომ საქართველო, რამდენიმე წელიწადია, ძალიან აქტიურ როლს ასრულებს ევროპის გაზით მომარაგების საკითხში. კერძოდ, ჩვენ მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხში. ამაში ჩვენ ვთანამშრომლობთ აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან. ვფიქრობ, ძალიან დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია მივეცი და, შესაბამისად, ამას, რა თქმა უნდა, დასჭირდა დრო.

ძალიან ლოგიკური კითხვები იყო. იყო კითხვები, ამ კუთხით ჩვენი აქტიური მონაწილეობა რამდენად შეიძლება, მომარაგების მხრივ ქმნიდეს გარკვეულ რისკებს ან არ ქმნიდეს. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან ლოგიკური იყო, რომ ყველა ეს საკითხი ამომწურავად განგვეხილა. ეს არის ძირითადი საკითხი, რაც ჩვენ განვიხილეთ. ასევე, განვიხილეთ, მომავალში საქართველოში როგორ მოხდეს სტაბილურად გაზმომარაგება. ჩვენ გვაქვს ხელშეკრულებები, რომლებსაც გარკვეული ვადები აქვს. გარკვეული ხელშეკრულებები ჩვენ გრძელვადიანად გარანტირებული გვაქვს, გარკვეული ხელშეკრულებების გაგრძელება და გადახედვაა საჭირო და ეს საკითხებიც განვიხილეთ".

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ