20.02.2026 00:30
თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ბრალდებული ექვსივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მათ შორის არიან: ოთარ ფარცხალაძე, ძმები მიქაძეები, მიხეილ ჩოხელი, ირაკლი სეხნიაშვილი და ელისო კილაძე. ბრალდებულთა ნაწილი მიმალვაშია, შესაბამისად, სასამართლომ მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დაუსწრებლად იმსჯელა.
როგორც საქმის პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, ბრალდების მხარემ შუამდგომლობაში მიუთითა, რომ არსებობდა მიმალვის, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.
„სასამართლომ გაითვალისწინა ბრალდების მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით და ექვსივე ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იქნა პატიმრობა. ელისო კილაძე და გიორგი მიქაძე არ არიან მიმალულები, შესაბამისად, ისინი განთავსდებიან პენიტენციურ დაწესებულებაში.
ბრალდების მხარემ ექვსივე ბრალდებულთან მიმართებით დაასაბუთა აღკვეთის ღონისძიების როგორც ფაქტობრივი, ისე ფორმალური საფუძველი. კერძოდ, ბრალდების მხარემ მიუთითა, რომ მიმალვის, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობდა, რაც სასამართლომ გაიზიარა", - აღნიშნა პროკურორმა.
ჟურნალისტი ელისო კილაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე გუშინ დააკავეს. ამავე საქმეზე, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო ათი პირის მიმართ, რომელთა შორის არის საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.
ავტორ(ებ)ი :