20.02.2026 18:33
რა თქმა უნდა, მორალურ პასუხისმგებლობას და ფინანსურიც თუ იქნება, გავიზიარებ - ეს იყო ჩემი ცოლის ძმის რაღაც ქმედების გამო გამოწვეული, თუ სამინისტროში რაღაც არასწორი გავაკეთეთ, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.როგორც ის განმარტავს, „არ აპირებს ჯოხის სხვაზე გადატეხვას".„მე სხვა მუხლი მაქვს წაყენებული, ჩემს ოჯახის წევრს და ჩემს ყოფილ მოადგილეს, სხვა მუხლი, მაგრამ არ მინდა ისე წარმოჩინდეს, რომ მხოლოდ ჩემი თავი წარმოვაჩინო. მინდა დაგანახოთ, სიმართლე როგორ იყო, რა თქმა უნდა, ეს არის ჩემი პირველი ამოცანა.
რა თქმა უნდა, მორალურ პასუხისმგებლობას და ფინანსურიც თუ იქნება, გავიზიარებ - ეს იყო ჩემი ცოლის ძმის რაღაც ქმედების გამო გამოწვეული, თუ სამინისტროში რაღაც არასწორი გავაკეთეთ. არ ვაპირებ ჯოხის სხვაზე გადატეხვას, მინდა იცოდეთ, რომ ორივე შემთხვევაში, ბრალეულობა გამოიკვეთება თუ არა, ჩემი ცოლის ძმის თუ თანამშრომლების, ამ პასუხისმგებლობას გავიზიარებ, სამართლებრივად შეიძლება მე შემეხოს, მაგრამ მორალურად პასუხისმგებლობას ყველა შემთხვევაში გავიზიარებ", - განაცხადა ბურჭულაძემ.
ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. ბრალის მიხედვით, ჯუანშერ ბურჭულაძემ 2023 წელს მისი მოადგილის, ნათესავისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატი 2 606 272 ლარის ნაცვლად, 3 940 000 ლარად მიაწოდა, რის შედეგადაც, სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.ასევე, 2025 წლის მარტში, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა მეუღლემ ესპანეთში 544 000 ევროდ ქონება შეიძინეს. აღნიშნულის წარმოშობის დამალვის და შენიღბვის მიზნით, ამ ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, მათ მესამე პირთან დაბა წყნეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქციური ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს.რაც შეეხებათ, ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას, მათ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებიან, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას.მათ ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის და გაფლანგვაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა", „დ" ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ვლადიმერ ღუდუშაური გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.
ავტორ(ებ)ი :