„ილი ჯგუფთან'' ხელშეკრულება შეწყდა - სავარაუდოდ, ამ კომპანიასთან ჩვენ გვექნება სასამართლო დავა''- პაატა სალია 13.03.2026 21:59


იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას განცხადებით, პენიტენციურმა სამსახურმა „ილი ჯგუფს" ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეუწყვიტა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, კომპანია ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას ხშირად არღვევდა.

პაატა სალიას თქმით, ბაზრის კვლევის შედეგად ახალი კომპანია უკვე გამოვლენილია, რომელთანაც რამდენიმეთვიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

„ამ კომპანიასთან ჩვენ გვქონდა გარკვეულწილად გართულებული ურთიერთობა, ისინი ხშირად არღვევდნენ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. სავარაუდოდ, ამ კომპანიასთან ჩვენ გვექნება სასამართლო დავა იმ თანხებთან დაკავშირებით, რომელიც პირგასამტეხლოთი არის გათვალისწინებული.

მათთან ხელშეკრულება შეწყდა. დღეის მდგომარეობით, მოხდა ბაზრის კვლევა და შესაბამისად, ბაზრის კვლევით გამოვლენილი იქნა ერთ-ერთი კომპანია, რომელთანაც დაიდო ხელშეკრულება რამდენიმე თვით. ამ პერიოდშიც უკვე გამოცხადდება ტენდერი. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ორ ნაწილად გავყოთ ეს ტენდერი და აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოზე გადავანაწილოთ. შესაბამისად, იმედი გვაქვს, რომ ორი სხვადასხვა კომპანია გაიმარჯვებს. ანუ, ხელს შევუწყობთ უფრო კონკურენციას და ეს მომავალში, თავისთავად, გადაგვაზღვევს ისეთი შემთხვევებისგან, რაც „ილი ჯგუფთან" გვქონდა", - აცხადებს პაატა სალია.

მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ ახალი ხელშეკრულება და ახალი ტენდერით გამოვლენილი პირები უფრო პასუხისმგებლობით მოეკიდებიან საქმეს და მათთან ნაკლები პრობლემები ექნებათ.

 

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ