03.04.2026 17:52
გიგა ავალიანის საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართა. დასკვნითი სიტყვა ბრალდების მხარემ წარმოთქვა. სხდომას ესწრებოდა გიგა ავალიანის დედა.
გიგა ავალიანის დედის, ეკა კუპატაძის თქმით, ალექსანდრე გაბაშვილს ტელეფონში ძალადობებზე მთელი ფილმი ჰქონდა შენახული.
"მე, გიგა ავალიანის დედამ, ვუყურე როგორ მოკლეს ჩემი შვილი და ვამბობ სიტყვას - მაგრამ, ამას იმიტომ ვამბობ, რომ ბოლო ნაწილში იყო გაშვებული ის ვიდეო, რაც მე ნანახი არ მქონდა. ფილმი ჰქონდა ალექსანდრე გაბაშვილს ტელეფონში ამ ძალადობებზე და რამდენი წუთი მიმდინარეობდა ეს ფილმი, არ ვიცი. მე ამას გარედან ვუყურებდი. ამაზრზენი იყო, ამათი გამოსწორება არ იქნება, ციხეს მაშინ აქვს აზრი, წლებს მაშინ აქვს აზრი თუ ის გამოასწორებს", - განაცხადა ავალიანის დედამ.
საქმის პროკურორის, ქეთევან სონიძის თქმით, ეს იყო ძალიან ინფორმატიული, მოცულობითი და შინაარსიანი სიტყვა, სასამართლო დარწმუნდა და არავის გაუჩნდება უსამართლობის შეგრძნება, თუ რატომ უნდა დაისაჯონ ეს არასრულწლოვანები ჩადენილი დანაშაულის გამო.
"ბრალდების მხარემ წარადგინა თავისი დასკვნითი სიტყვა გიგა ავალიანის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით და იმ მრავალ ეპიზოდიან ძალადობებთან დაკავშირებითაც, რაც, ასევე, ბრალად ედებოდათ წარმოდგენილ ბრალდებულებს. მოგეხსენებათ, რომ ეს იყო ძალიან ინფორმაციული, მოცულობითი და შინაარსიანი სიტყვა, ვინაიდან აღნიშნული მტკიცებულებების განხილვისას, სასამართლო დარწმუნდა და არავის გაუჩნდება უსამართლობის შეგრძნება, მათ შორის, აღარც ბრალდებულებს, აღარც მათი ოჯახის წევრებს, აღარც მართლმსაჯულების განმახორციელებელ ორგანოს და აღარც დაზარალებულს, თუ რატომ უნდა დაისაჯონ ეს არასრულწლოვნები ჩადენილი დანაშაულის გამო, სწორედ იმ კვალიფიკაციით, იმ ბრალდებისთვის და უნდა მიიღონ სასჯელის უმაღლესი ზომა, რასაც ისინი საკუთარი ქმედებებიდან გამომდინარე იმსახურებდნენ", - განაცხადა პროკურორმა.
საქმეზე ჯამში 4 პირია დაკავებული. მათგან ერთს ბრალი წარდგენილი აქვს მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა. კიდევ ორ არასრულწლოვანს გამოძიება ედავება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ჯგუფურად.
ავტორ(ებ)ი :