10.04.2026 17:32
პოლონეთის ქალაქ პოზნანის საავადმყოფოში 5 თვის ბავშვი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს.
პოლონური მედიის ინფორმაციით, დაკავებულია ბავშვის დედა, რომელიც ქართველია, მამაზე კი ძებნაა გამოცხადებული.
5 თვის ბიჭი საავადმყოფოში პარასკევს შეიყვანეს. მას თავის ქალის მოტეხილობა და მრავალრიცხოვანი სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა, რაც სავარაუდოდ, ცემის კვალზე მიანიშნებდა. საჭირო გახდა ოპერაციის ჩატარება.
ექიმების თქმით, ეს დაზიანებები, შესაძლოა, ერთი დაცემის შედეგი არ იყოს და სულ მცირე, რამდენიმე დღის განმავლობაში მესამე მხარის ქმედებებისგან იყოს გამოწვეული.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნის თანახმად, დაზიანებები, რომელიც ბავშვს აღენიშნება, სერიოზული ფიზიკური დაზიანებაა. ისინი, სავარაუდოდ, გამოწვეული იყო „ჩვილის ძლიერი რხევით, თავის მყარ საგნებზე დარტყმით ან იატაკზე დაცემით".
საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბავშვის დედა, თამარ კ., მისი თანმხლები პირები - ალექსანდრე ს. და ვლადისლავ მ. - დააკავეს. სამივეს ბრალი ბავშვისთვის სერიოზული ზიანის მიყენებასა და დახმარების არ გაწევაში წაუყენეს.
ეჭვმიტანილია ბავშვის მამაც, ნაზგური კ. და მას პოლიცია ეძებს.
პოლონური მედიის ინფორმაციით, ბავშვის დედა მომხდარის დროს მოლდოვაში სამედიცინო პროცედურის ჩასატარებლად იმყოფებოდა. ბავშვი კი მან ნაქირავებ ბინაში მამასთან და მის ორ ნაცნობთან დატოვა.
მტკიცებულებებზე დაყრდნობით, დაკავებულებს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად და წინასწარი შეთანხმებით, ბავშვზე ზრუნვის ვალდებულების მიუხედავად, მისთვის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მუხლით.
სასჯელი 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ავტორ(ებ)ი :