23.04.2026 16:22
არ მესმის ოპოზიციური პარტიების მდუმარება 4 ოქტომბრის გარშემო. ნაცვლად იმისა, მუდმივად საუბრობდნენ ხალხის სურვილზე, მონდომებაზე, რომ ქვეყანა ევროპული გზით წავიდეს, დუმან და საშუალებას აძლევენ „ქართულ ოცნებას", ეროვნული კრებიდან მთელი ყურადღება მოყანყალებულ, არავისთვის საჭირო რკინის ღობეზე იქნას გადატანილი, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულმა, მოძრაობა „რუსთაველის გამზირის" ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა 4 ოქტომბერს მკაფიოდ გამოხატა თავისი ნება და ამ ნების აღსრულებას მოელის პოლიტიკოსებისგან.
„მე როგორც მესმის, სასამართლო პროცესის ერთ-ერთი მიზანი არის ის, რომ ადამიანი მიხვდეს, რა დააშავა, რისთვის ისჯება. დღესაც ვერ ვხდები, რა უნდა ამ პატიოსან, უსაზღვროდ სიმართლის მოყვარულ პროკურორს ჩემგან. მე მოვიწვიე ეროვნული კრება, შეკრებაზე მოსვლა ვთხოვე ქართველ ხალხს, რომელსაც საკუთარი შვილების მომავლის გადასარჩენად სჭირდებათ გადაუდებელი ცვლილებები. ამიტომაც, ერთად, პირველად საქართველოს ისტორიაში ჩავატარეთ ეროვნული კრება, რომელშიც არ მონაწილეობდა არცერთი პოლიტიკური პარტია, თუმცა ვმონაწილეობდით სრულიად საქართველოს წარმომადგენლები, მათ შორის აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან. ეროვნულ კრებაზე ასობით ათასმა ადამიანმა ერთხმად მისცა ხმა დეკლარაციას, რომლის შინაარსსაც კარგად იცნობთ. ეს იყო ისტორიული და დროული შეკრება, სადაც მოქალაქეებმა გამოხატეს აუცილებელი ცვლილებების სურვილი. არ მესმის ოპოზიციური პარტიების მდუმარება 4 ოქტომბრის გარშემო. იმის ნაცვლად, მუდმივად საუბრობდნენ ხალხის სურვილსა და მონდომებაზე, რომ ქვეყანა ევროპული გზით წავიდეს, დუმან და საშუალებას აძლევენ „ქართულ ოცნებას", ეროვნული კრებიდან მთელი ყურადღება გადატანილ იქნას მოყანყალებულ, არავისთვის საჭირო რკინის ღობეზე. ამაში მას ეხმარება ვითომ ოპოზიციური პარტია, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ეგრეთ წოდებულ არჩევნებში და საკუთარი წარუმატებლობა, უსუსურობა ეროვნულ კრებას დააბრალა.
ბატონო პოლიტიკოსებო, ქართველმა ხალხმა 4 ოქტომბერს მკაფიოდ, ხმამაღლა გამოაცხადა, გამოხატა თავისი ნება და ამ ნების აღსრულებას მოელის თქვენგან. 4 ოქტომბერი რომ წარმატებული იყო, ამის დასტურია ის, რომ მას შემდეგ დაშინებულმა „ქართულმა ოცნებამ" ტროტუარზე დგომაც კი აკრძალა. ძალიან ვამაყობ ამ დღით, იქ მდგომი ადამიანებით და სასამართლოსგან ველოდები განმარტებას, რა დააშავა ქართველმა ხალხმა და პირადად მე. 4 ოქტომბრის ეროვნული კრების ორგანიზატორები ვართ ორნი, მე და „ქართული ოცნება". „ქართული ოცნება" რომ არა, ნამდვილად ვერ შევძლებდი და არც იქნებოდა საჭირო ეროვნული კრების ჩატარება", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
ავტორ(ებ)ი :