06.05.2026 11:38
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ, პირველ მოადგილე ლაშა მაღრაძესთან ერთად, სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის ხელმძღვანელ პირებთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
გეკა გელაძემ ხაზი გაუსვა მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის აკადემიად გარდაქმნის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ სამაგისტრო პროგრამა, რომელსაც სასწავლებელი განახორციელებს, მიზნად ისახავს სისტემის უზრუნველყოფას მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი კადრებით.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ყურადღება გაამახვილა აკადემიის ინსტიტუციურ განვითარებაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება სასწავლო დაწესებულებაში მიმდინარე და ახალი პროექტების მხარდაჭერა.
სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიაში სტუმრობისას, გეკა გელაძემ სასწავლებლის ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერა.
აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, 2026 წლის 1-ელი თებერვლიდან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიად ჩამოყალიბდა.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მინიჭების შემდეგ, აკადემია სახელმწიფო უსაფრთხოების ერთწლიან სამაგისტრო პროგრამას განახორციელებს და მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს მოამზადებს.
ავტორ(ებ)ი :