09.05.2026 18:12
ლევან ხაბეიშვილის, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილის მიმართ ძალადობის ფაქტებზე დაკავებულ 5-ვე პირს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობა. თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესები ორ ნაწილად ჩატარდა.
მსაჯულმა ცალკე იმსჯელა ლევან ხაბეიშვილის ეპიზოდზე, ხოლო გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილის საქმე ერთობლივად განიხილა. ყველა ბრალდებულის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობის გამოყენებით. სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე - დამატებითი ბრალდება წარედგინა გურამ როგავას ეპიზოდზე დაკავებულს.
საქმის პროკურორმა ლაშა გამყრელიძემ განაცხადა, რომ ბრალდებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ და პატიმრობას ეთანხმებიან.
"ისინი აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს და დაეთანხმნენ მათ მიმართ პატიმრობას.
სხდომის დახურვის მიზეზი პროცესის მონაწილეთა პირადი უსაფრთხოება გახდა. საქმეზე არაერთი საგამოძიებო მოქმედებაა ჩატარებული, 550-მდე პირია გამოკითხული, გამოთხოვილია ასეულობით ვიდეო ჩანაწერი და განხორციელებულია ხსენებული ვიდეოჩანაწერების დათვალიერება შესაძლო დანაშაულის ჩამდენ პირთა იდენტიფიცირების მიზნით, შესაბამისად, საქმე თავის მოცულობით განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.
ბუნებრივია თუ იქნება მოპოვებული, ის მტკიცებულებები, რომლითაც მოხდება სხვა შესაძლო დანაშაულის ჩამდენ პირთა იდენტიფიცირება, ბუნებრივია მათ მიეცემათ შესაბამისი სამართლებრივი შეფასება.
ლევან ხაბეიშვილი, თავდაპირველად დაბარებულ იქნა საგამოძიებო უწყებაში, თუმცა მან თავისივე სურვილით უარი განაცხადა გამოცხადებაზე და ინფორმაციის მოწოდებაზე, ბუნებრივია თუ მას ექნება ამის სურვილი ის, რა თქმა უნდა, გამოიკითხება," - აცხადებს ლაშა გამყრელიძე.
პოლიციელების მხრიდან ცალკეული გადაცდომების ფაქტების გამოძიების აუცილებლობაზე - ახალ თანამდებობაზე წარდგენის პირველივე დღეს ისაუბრა მამუკა მდინარაძემ. ვიცე-პრემიერმა და სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში, განმარტა რომ მნიშვნელოვანია ყველა შესაძლო დანაშაულს სამართლებრივი პასუხი გაეცეს. თემაზე კეთდება პოლიტიკური შეფასებები. სამართალდამცავი უწყებების კოორდინირებულ და ეფექტურ საქმიანობას უკავშირებენ სავარაუდო დამნაშავეების დაკავებას მმართველ გუნდში.
ავტორ(ებ)ი :