ფინანსთა სამინისნტროს საგამოძიებო სამსახურმა კორუფციის, ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონო რეალიზაციისა და კრიპტოვალუტის უკანონო კონვერტაციის ფაქტებზე 6 პირი დააკავა 21.05.2026 16:00

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, სხვა სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად, აქტიურ და უკომპრომისო ბრძოლას განაგრძობს როგორც კორუფციული, ისე საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულების აღსაკვეთად. ამჯერად გამოვავლინეთ სამი დანაშაულებრივი ფაქტი, - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

 

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირველი ფაქტი ეხება საჯარო მოხელეების მხრიდან ქრთამის აღების ფაქტს. კორუფციულ დანაშაულზე დაკავებულია ორი პირი.

 

„კერძოდ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯორჯიაშვილის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა და ამავე ერთეულის მთავარმა სპეციალისტმა, წინასწარი შეთანხმებით, მოქალაქისგან ქრთამი აიღეს, რის სანაცვლოდაც შეჰპირდნენ მფარველობას სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უცხოელი ტურისტებისთვის საკემპინგე სივრცის მოწყობაში. მოპოვებულია დანაშაულის ამსახველი აუდიო და ვიდეომასალა, ნივთმტკიცებად ამოღებულია თანხაც. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან 11 წლამდე ვადით ითვალისწინებს", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

 

მათივე ცნობით, მეორე ფაქტი ეხება მოქალაქეების ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველ დანაშაულს.

 

„კერძოდ: სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და ამ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე დავაკავეთ სამი ადამიანი: აფთიაქის ხელმძღვანელი, ფარმაცევტი და ექიმი. გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, ორ სხვადასხვა ადგილას მოქმედი აფთიაქიდან სისტემატურად, შესაბამისი ნებართვისა და რეცეპტის გარეშე ხდებოდა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაცია. აფთიაქის ხელმძღვანელს დახმარებას უწევდა ერთ-ერთი კლინიკის ექიმი-ნევროლოგი. ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული მედიკამენტი და თანხა. გამოძიება სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 25-192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე ვადით ითვალისწინებს", - განაცხადეს საგამოძიებო სამსახურში.

 

მათივე ცნობით, მესამე ფაქტი უკანონო სამეწარმეო საქმიანობას ეხება.

 

„ჩვენ აქტიურად ვაკონტროლებთ ფინანსურ სექტორს ციფრულ სივრცეშიც, სადაც უკონტროლო ნაკადები პირდაპირ საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეკონომიკას. დავაკავეთ ვირტუალური აქტივის მომსახურების არარეგისტრირებული პროვაიდერის მენეჯერი. ბრალდებული საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე, ონლაინპლატფორმის გამოყენებით ახორციელებდა უკანონო სამეწარმეო საქმიანობას. ის ვირტუალური აქტივისა და ნაღდი ფულის კონვერტაციას ახდენდა, რითაც ხელს უწყობდა ქვეყანაში საერთაშორისო უკონტროლო ფინანსური ნაკადების მოძრაობას. ამ გზით მან მილიონობით ლარის ღირებულების ვირტუალური აქტივის ტრანზაქცია შეასრულა. ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დიდი ოდენობით ფულადი თანხა, ფულის მთვლელი აპარატები, კომპიუტერული ტექნიკა, რვა მობილური ტელეფონი, ათეულობით საბანკო და სიმბარათი, ასევე საქმისათვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია", - აღნიშნავენ საგამოძიებო სამსახურში.

 

მათივე ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით ითვალისწინებს.

 

„განვაგრძობთ გამოძიებას დანაშაულებრივ ქმედებაში ჩართული სხვა პირების დადგენა-მხილების, აგრეთვე გადასახადებისთვის თავის არიდებისა და შესაძლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტების გამოსავლენად.

 

მივმართავთ ყველას, ვინც შესაძლოა, ფიქრობდეს, რომ კორუფციული გზით არის შესაძლებელი სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტა - მკაცრად დაიცავით საქართველოს კანონმდებლობა და თავი შეიკავეთ კორუფციულ თუ სხვა უკანონო საქმიანობაში ჩართვისგან, რადგან ნებისმიერი მცდელობა, გვერდი აუაროთ კანონს, დროულად იქნება იდენტიფიცირებული და თითოეულ ასეთ ფაქტს უმკაცრესი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ