21.05.2026 16:32
ჩემს გარემოცვაში რუსეთის აგენტურა იყო. ერთი ადამიანი მუდმივად მეუბნებოდა, ჩამოდიო. უნდა დამხვედროდა, როცა ჩამოვედი, არათუ არ დამხვდა, არამედ მთელი ჩემი მონაცემები გადასცა მაშინდელ ძალოვან სტრუქტურას. შემდეგ სხვა პროვოკაციებში მონაწილეობდა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
სააკაშვილის თქმით, ღალატი იყო და იქნება, მთავარია, მოწოდების სიმაღლეზე ყოფნა.
„მე მინდოდა საქართველოში ჩამოსვლა, რადგან, მიუხედავად უკრაინაში დალხენილი ცხოვრებისა, შეუძლებელი იყო, ჩემი ქვეყნის ასე დაკნინებისთვის მეყურებინა. მარტივი არ იყო ჩამოსვლა, იმ გაგებით, რომ რუსეთის აგენტურა იყო ჩემს გარემოცვაში ჩასმული. იყო ერთი ადამიანი, რომელიც მუდმივად მეუბნებოდა, ჩამოდი, ჩამოდი, ჩამოდი. ჯერ პირველად როცა მოვდიოდი 2020-ში, გადასცა ჩემი კოორდინატები ივანიშვილის ხელისუფლებას. როდესაც ჩვენ იახტით მოვადექით საქართველოს, ბათუმში განგაში გამოცხადდა, წინასწარ ყველაფერი იცოდნენ და უკან გაბრუნება მომიწია. მეორეჯერ უნდა დამხვედროდა აქ როცა ჩამოვედი, არათუ არ დამხვდა, არამედ ზუსტად ორ საათში რუსეთის დავალებით მთელი ჩემი მონაცემები გადასცა მაშინდელ ძალოვან სტრუქტურას. ის შემდეგ სხვა პროვოკაციებში მონაწილეობდა, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, ღალატი იყო და იქნება, მთავარია, ამას ჩვენ არ შევეგუოთ, მთავარია, ჩვენ ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ავტორ(ებ)ი :