27.05.2026 16:58
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად გიგა ავალიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2025 წლის სექტემბერში ალექსანდრე გაბაშვილმა გიორგი რიკაძესთან და დემეტრე ჩიქოვანთან ერთად გიგა ავალიანზე ჯგუფურად თავდასხმა დაგეგმეს.
„2025 წლის 29 სექტემბერს, საღამოს საათებში ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი ანგარიშსწორების მიზნით მივიდნენ თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში მდებარე სასწავლო ცენტრთან, სადაც მოაწყვეს ჩასაფრება და ყველა პირობა ჰქონდათ შექმნილი თავდასხმის მოსაწყობად, თუმცა ამ დღეს მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლეს. 2025 წლის პირველ ოქტომბერს ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელმაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო, რის შედეგადაც 2025 წლის 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ანი ნასყიდაშვილისთვის ცნობილი იყო, მზადდებოდა და ჩადენილი იყო მძიმე დანაშაული, აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.
სასამართლომ დემეტრე ჩიქოვანი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ" ქვეპუნქტით (ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ანი ნასყიდაშვილი დამნაშავედ ცნო 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სასამართლო არასრულწლოვან ბრალდებულთა მიმართ სასჯელს 2026 წლის 2 ივნისის სხდომაზე დანიშნავს", - ნათქვამია საქართველოს პროკურატურის ინფორმაციაში.
ავტორ(ებ)ი :