ყველაფერს გავაკეთებ, რომ ყველა დამნაშავემ ასე მოისმინოს უმაღლესი სასჯელი. მოსამართლემ არა მარტო ჩემი შვილის ღირსება დაიცვა, საქართველოს მომავალიც დაიხსნა გარკვეულწილად - გიგა ავალიანის დედა 02.06.2026 13:51

"ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ყველა დამნაშავემ ასე მოისმინოს უმაღლესი სასჯელი", - ასე გამოეხმაურა გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე, დემეტრე ჩიქოვანისთვის და ანა ნასყიდაშვილისთვის გამოტანილ უმაღლეს სასჯელს.

 

ეკა კუპატაძემ მოსამართლეს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მან არა მარტო მისი შვილის ღირსება, არამედ მთელი საქართველო დაიცვა თავისი განაჩენით.

 

"ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ყველა დამნაშავემ ასე მოისმინოს უმაღლესი სასჯელი. მივმართავ იმათ, ვინც გარეთ არის დარჩენილი, ბრალდებულებს. თქვენ რომ ბიჭი მოკალით, მე ის ბიჭი პეტრე-პავლეს სასაფლაოზე, მიწაში დავმარხე. თქვენ რა გგონიათ? მე, ჩემი, ზრუნვაში გაზრდილი შვილი ცივ მიწაში რომ ჩავფინე, სახლში თბილ ლოგინს მოვაშურე? არა, მე სახლში თქვენთვის დავბრუნდი მკვლელებო. ყველა მოისმენთ უმაღლეს სასჯელს, როგორც დღეს მოისმინა ორმა დამნაშავემ.

 

მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიამ, დღეს ახსენა, რომ გიგა ავალიანი იყო სრულად უდანაშაულო. დემეტრე ჯინჯოლიამ, ახალგაზრდა მოსამართლემ, უშიშრად, სამართლიანი სიტყვით, ღირსეულად დაიცვა ღირსებული ახალგაზრდის - გიგა ავალიანის ღირსება. მე მას სხდომათა დარბაზში პირადად ვუთხარი მადლობა და კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა მას ჩემგან. მან არა მარტო ჩემი შვილის ღირსება დაიცვა, არამედ საქართველოს მომავალიც დაიხსნა გარკვეულწილად. მე საქმის მასალებით ვიცი, ვინ არიან ესენი. საქმე იმდენად მოცულობითია, ყველაფრის თქმა წარმოუდგენელია. მე ვიცი ვინ არიან ესენი. დიახ, დემეტრე ჯინჯოლიამ თქვენც დაგიცვათ დღევანდელი უშიშარი სიტყვით", - აღნიშნა ეკა კუპატაძემ.

 

გიგა ავალიანის საქმეზე მკვლელობის მომზადებაში ბრალდებულ დემეტრე ჩიქოვანს 9 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიესაჯა. ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულ ანა ნასყიდაშვილს 5 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. განაჩენი დღეს გამოცხადდა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ