15.06.2026 18:29
2026 წლის პირველი ივნისიდან დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ საერთო სასამართლოებს 60-მდე საქმე წარედგინა. აქედან 30 საქმეზე ჩაინიშნა სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა. შემაჯამებელი გადაწყვეტილებით კი 7 საქმე დასრულდა.
როგორც „იმედინიუსს" შსს-ში განუცხადეს, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ საერთო სასამართლოებში წარდგენილი პირველი საქმის განხილვა დასრულდა 2026 წლის 11 ივნისს, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ. თუმცა, გადაწყვეტილება ჯერ არ გამოცხადებულა. რაც შეეხება, აღნიშნულ საქმეებზე გამოცხადებულ პირველ გადაწყვეტილებას, იგი გამოცხადდა 2026 წლის 12 ივნისს, ონის მაგისტრატი სასამართლოს მიერ. შესაბამისად, უწყების განმარტებით, სიმართლეს არ შეესაბამება მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლომ პირველი საქმე განიხილა დღეს და იგი მიემართებოდა ნინო წილოსანის მიმართ ჩადენილ სამართალდარღვევის ფაქტს.
„სამმართველოს მიზანია უზრუნველყოს საჯაროდ გავრცელებული ადამიანის ღირსების შემლახველი/შეურაცხმყოფელი, ასევე, სიძულვილის ენის შემცველი იმგვარი განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენა, რომლებიც შეიცავენ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის ნიშნებს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება განხორციელება.
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ საერთო სასამართლოებში წარდგენილი საქმეების განხილვა ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება, შესაბამისად, მიმდინარე სამართალწარმოებისა და მისი შედეგების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია ეტაპობრივად მიეწოდება", - აღნიშნეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
ავტორ(ებ)ი :