16.06.2026 19:36
ანტიკორუფციულმა სამსახურმა საქართველოს რკინიგზის ყოფილი გენერალური დირექტორი დავით ფერაძე და კიდევ 7 პირი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მისცა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, 8 პირიდან 2-ზე, მათ შორის, დავით ფერაძეზე ძებნა გამოცხადდა, დანარჩენები კი თბილისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან არანაირი შეხება არ აქვს.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ნამდვილად ჰქონდა შპს და ვადასტურებ, რომ საგამოძიებო ორგანოში ცხადდებოდა. მე არ ვესწრებოდი მის ჩვენებებს, თუმცა, მისი ინფორმაციით ვიცი, რომ ადასტურებდა იმავეს, რასაც მე დღეს თქვენ მოგახსენებთ. მას არანაირი შეხება მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან არ აქვს," - აღნიშნა ადვოკატმა, დიანა გვიშიანმა.
ამასთან, როგორც კიდევ ერთი დაკავებულის, ანზორ ჯამალაშვილის ადვოკატმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ერთი თვის წინ მოწმის სახით დაკითხეს, ხელი კი გაუთქმელობაზე მოაწერინეს.
„ანზორ ჯამალაშვილს ვიცავ, რომელიც დაახლოებით ერთი თვის წინ, მოწმის სტატუსით იყო გამოკითხვაზე და ვიყავი მასთან ერთად ამ გამოკითხვაზე. მაშინაც მოგვაწერინეს ხელი გაუთქმელობაზე. საქმის მასალებს არც ვიცნობდით და დღემდე არ ვიცნობთ, იმიტომ, რომ სანამ ბრალს არ წაუყენებენ, საქმის მასალებს ჩვენ არ გადმოგვცემენ. ძირითადად, საუბარი იყო იმაზე, რომ ეს ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ჯართის მიღება-ჩაბარების შპს, ყიდულობდა და შემდეგ ყიდდა, ამ ჯართთან დაკავშირებით, ხომ არ ჰქონდა მას კონტაქტები რკინიგზის ხელმძღვანელობასთან. სათითაოდ სხვადასხვა პირებს უსახელებდნენ, ზოგზე ამბობდა, რომ მხოლოდ სალმით იცნობს, უმრავლესობაზე ამბობდა, რომ საერთოდ არ იცნობს და არანაირი კონტაქტი არ აქვს," - განაცხადა ადვოკატმა, გელა ნიკოლაიშვილმა.
ავტორ(ებ)ი :