პოლონეთში საქართველოს მოქალაქეს რუსეთის მოქალაქის მკვლელობისთვის ბრალი წაუყენეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს 20.06.2026 18:00

 

პოლონეთში, ლუბლინ-ზახუდის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს 36 წლის მოქალაქეს, რომლიც რუსეთის მოქალაქის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, აღკვეთის ღონისძიების სახით 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, - ინფორმაციას ლუბლინის პოლიცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს მოქალაქე, რომელიც ლუბლინის პოლიციის სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის თანამშრომლებმა დააკავეს, გუშინ ლუბლინში, ეროვნულ პროკურატურაში გადაიყვანეს. დაკითხვის შემდეგ, მამაკაცს რუსეთის 44 წლის მოქალაქის მკვლელობისთვის ბრალი წაუყენეს.

მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

შეგახსენებთ, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ორი დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლუბლინის პოლიციამ და შიდა უსაფრთხოების სააგენტომ ბიალა პოდლასკაში რუსეთის მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავა, რომელსაც საქართველოს პასპორტი აქვს.

საქმე რამდენიმე დღის წინ პოლონეთში, ბიალა პოდლასკაში რუსეთის მოქალაქის, 44 წლის მამაკაცის მკვლელობას ეხება. რუს მხატვარს და სატირიკოსს, ფსევდონიმით ცნობილ სემიონ სკრეპეცკის, თავდამსხმელმა საცხოვრებელ კორპუსთან რამდენჯერმე ესროლა. პოლონური მედიის ინფორმაციით, სკრეპეცკი საკუთარ ნამუშევრებში რუსეთის ხელისუფლებას, მათ შორის ვლადიმერ პუტინს ხშირად აკრიტიკებდა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ