26.06.2026 16:19
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი სასაქონლო ნიშნის დიდი ოდენობით უკანონო დამზადება-გამოყენების ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქვემო ქართლის რეგიონში მოწყობილი ჰქონდათ კუსტარული საწარმო. ისინი სისტემატურად ამზადებდნენ სარეცხ ფხვნილებს, რომელთა რეალიზაციასაც ცნობილი ბრენდების - ABC-ს, Ariel-ის, Tide-ისა და Persil-ის სასაქონლო ნიშნების უკანონო გამოყენებით ახდენდნენ.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული, აღნიშნული ბრენდების ყალბი სასაქონლო ნიშნით მარკირებული 1 325 ერთეული სარეცხი ფხვნილი.
გარდა ამისა, ჩხრეკისას აღმოჩენილი და ამოღებულია: ამავე დასახელების ფხვნილების 5 818 ცარიელი პაკეტი, 632 ტომარა დაბალხარისხიანი სარეცხი ფხვნილი, 28 ტომარა მარილი, არომატიზატორები, საღებავები და პროდუქციის წარმოება-შეფუთვისთვის განკუთვნილი ტექნიკური დანადგარები.
ამ ეტაპზე გრძელდება საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები როგორც დანაშაულში ჩართული სხვა პირების გამოვლენა-მხილების, ისე იმ სავაჭრო ობიექტების დადგენის მიზნით, სადაც აღნიშნული პროდუქცია სარეალიზაციოდ იყო განთავსებული.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.
ავტორ(ებ)ი :